ნოდარ ებანოიძე – ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია

ნოდარ ებანოიძე – ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია

ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია და რაშიც მართალი ვარ, ბოდიშს არ ვითხოვ, ხოლო თუკი მან ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წევრმა ნოდარ ებანოიძემ განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ის წუხილს მხოლოდ იმის გამო გამოხატავს, რომ სესიაზე მიკრიფონის გარეშე ისაუბრა, ხოლო ბოდიშს არაფერზე იხდის.

"მე არავითარი ბოდიში არ მომიხდია. ჩემი გაცხარება იყო მიკროფონის გარეშე და მე ეს არ მომწონს და არ მიხარია, მაგრამ ბოდიში რაზე უნდა მომეხადა?! დავსვი კითხვა, რომელსაც მან ვერ უპასუხა. კითხვა ისევ მაქვს და ძალიან ცუდია, რომ მან ეს ვერ გაიგო, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტს კარგად არ იცნობს?!", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს".

რაც შეეხება საკითხს, რომელმაც ეკა ბესელიასა და ნოდარ ებანოიძეს შორის შელაპარაკება გამოიწვია - კერძოდ კი, "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც ბაღებში, ბავშვთა ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფორმირებას ითვალისწინებს, როგორც ებანოიძე განმარტავს, პროექტის წარდგენმა ეკა ბესელიამ ამის საჭიროება ვერ დაასაბუთა.

"არის საბავშვო ბაღები, მაგალითად, ვალდორფის ბაღი და მისი სისტემა, რომელიც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, რომლის მიხედვით, სამი, ოთხი და ხუთი წლის ბავშვები არიან ერთ სივრცეში. ეს არის სპეციალურად, მეთოდოლოგიაა ასეთი, ხოლო ინიცირებული კანონის მიხედვით, მათ ამის უფლება არ ექნებათ და შეკითხვაც ამასთან დაკავშირებით დავსვი – კერძოდ ვიკითხე, არის თუ არა რაიმე კვლევა, რომლის მიხედვით, ასეთი სისტემა არ შეიძლება და ამაზე ელემენტარულად ვერ მიპასუხა", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიასა და "რესპუბლიკელ" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - აღნიშნული განცხადებით ბესელიამ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."