დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას

დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას

საქართველო მარტო არ არის, ევროპა მის გვერდით დგას, - ამის შესახებ საპატრიარქოში პატრიარქთან სტუმრობისას ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.

ევროკომისარი პატრიარქს როგორც საბერძნეთის მოქალაქე და მართლმადიდებელი მიესალმა და მადლობა გადაუხადა უწმინდეს საპატრიარქოში დელეგაციის წევრებთან ერთად მისი მიღებისთვის.

ევროკომისარმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის შემდეგ, ამ თვალსაზრისით უკვე ბოლო სტადიაზე იმყოფებიან.

ავრამოპულოსმა ილია მეორეს განუცხადა, რომ სწორედ ამ კარგი ამბის სათქმელად იმყოფება დღეს საპატრიარქოში.

"საქართველოს ღრმა ფესვები აქვს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ის არის ევროპული თავისი კულტურითა და ისტორიით. საქართველოს ეკლესიას თქვენი წინამძღოლობით და ძველ დროსაც ასე იყო, ძალიან ძლიერი კავშირები ჰქონდა ევროპასთან. მე ვარ აქ იმისთვის, რომ კარგი ამბავი გითხრათ. გასული თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა მომზადებულიყო საფუძვლები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესახებ. ჩვენ ახლა ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს ევროკომისიამ შესთავაზა მიიღოს ჩვენი მოხსენება. ასე, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ვიზალიბერალიზაცია და ეს იქნება ახალი რეალობა საქართველოსთვის, როდესაც მისი მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას ევროპაში", - განაცხადა ევროკომისარმა.

დიმიტრის ავრამოპულოსის თქმით, შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

"საქართველო მარტო არ არის. ევროპა მის გვერდით დგას და ვცდილობთ იმ ურთიერთობების გაღრმავებას, რაც არსებობს. ჩვენ არასდროს არ უნდა ურვყოთ, ის ძლიერი და მჭიდრო სულიერი კავშირები, რაც საქართველოსა და ევროპას შორის არსებობს", - აღნიშნა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკომისარმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი, როგორ დიდ პატივს სცემენ პატრიარქს და როგორ უყვართ იგი.

"თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ის საქმიანობა, მოგემზადებინათ გზა, რათა საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ეს არის არა მარტო სტრატეგიული, არამედ სულიერი პერსპექტივაც თქვენი ქვეყნისთვის. საქართველომ უახლოეს წარსულში ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა და ბევრი გასაჭირი ჰქონდა. საქართველო იმსახურებს თავისუფლებას, მეტ შესაძლებლობას პროგრესისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის", - განაცხადა ევროკომისარმა.

დიმიტრის ავრამოპულოსმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ იგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებმაც იგი დაარწმუნეს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.

ევროკომისარის თქმით, საქართველოში ყველა პარტია და ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს, რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. დიმიტრის ავრამოპულოსმა ამაში პატრიარქის როლს ხაზი გაუსვა.

"თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ სახელმწიფოს ერთიანობაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობთ არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული რელიგიური წინამძღოლი ქრისტიანობაში და მე ამას ვამბობ როგორც მართლმადიდებელი და როგორც ძმა", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."