გია ხუხაშვილი - "ნაცმოძრაობა" კოალიციაზე იფიქრებს პოსტსაარჩევნო პერიოდში და არა საარჩევნოდ

გია ხუხაშვილი - "ნაცმოძრაობა" კოალიციაზე იფიქრებს პოსტსაარჩევნო პერიოდში და არა საარჩევნოდ

"ნაციონალური მოძრაობა"კოალიციებზე იფიქრებს უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში და ამისთვის შეამზადებენ ახლა სიტუაციას და არა საარჩევნოდ", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კოალიციის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობა", პოლიტიკურ ძალებში გარკვეულწილად კეთროვანად განიხილება და საარჩევნო პოტენციალის მქონე პარტიებისთვის, მასთან ალიანსი მისაღები არ უნდა იყოს.

"თვითონ "ნაციონალურ მოძრაობასაც" ასეთი ტიპის ალიანსები არაფერს მოუმატებს. ვფიქრობ, მათ გეგმებში ხელისუფლების დაბრუნება არც არის. მათ გეგმებში არ არის გამარჯვება. მათ გეგმებში არის "ქართული ოცნების" დამარცხება. ისინი შეეცდებიან "ქართული ოცნების" მაქსიმალურად დასუსტებას, რათა ის შორს იყოს ხელისუფლებაში საკონტოლო პაკეტის მიღებისგან. ასეთ ვითარებაში "ნაციონალურ მოძრაობას" მანევრის საშუალება ეხსნება, უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში, ან რაიმე კრიზისის მეშვეობით ან უკვე საპარლამენტო პარტნიორების ძებნით, პრობლემები შექმნან ხელისუფლების ბალანსთან დაკავშირებით. ისინი ასეთი ტიპის კოალიციებზე იფიქრებენ უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში და ამისთვის შეამზადებენ ახლა სიტუაციას და არა საარჩევნოდ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში აუცილებლად მოხვდება, რადგან პარტიას სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა რა პროცენტული მაჩვენებელი ექნება მას, ეს ამომრჩევლის აქტივობაზეა დამოკიდებული.

"ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობები ზოგადად ძალიან შეზღუდულია. 2012 წელს ამ პოლიტიკურ ძალას ამომრჩეველმა ვერდიქტი გამოუტანა, ის ეჭვმიტანილია სისტემურ დანაშაულში, შესაბამისი პოლიტიკური სასჯელი ჯერ არ მოუხდია და შესაბამისად ვფიქრობ, სახელისუფლებო ამბიციებზე საუბარი ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში, ამ ციკლში ნამდვილად. მას თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, არის საკმაოდ კარგად აწყობილი პარტია და ამ რესურსით ის რა თქმა უნდა, პარლამენტში მოხვდება. ამომრჩევლის აქტივობიდან გამომდინარე, მათი შედეგი ალბათ 10-დან 20%-მდე იქნება. რაც უფრო დაბალი იქნება აქტივობა, მათი შედეგი იქნება უფრო მაღალი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."