ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი პირველი მოსმენით განიხილა.

კომიტეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ სტრასბურგში გაიმართა, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა.

საკითხის მომხსენებელი ევროკომისიის წარმომადგენელი მარია გაბრიელა იყო, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერლიზაციის დაწესებას.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, შემდგომი განხილვა ისევ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში გაიმართება. მომხსენებელმა უნდა მოამზადოს მოხსენება, რომელიც ჯერ ამავე კომიტეტში, კომიტეტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში კი უკვე კენჭისყრაზე ევროპარლამენტში უნდა გავიდეს.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."