როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა - სისუსტეების დაფარვის მცდელობა თუ მოქნილი საინფორმაციო ომი?

როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა - სისუსტეების დაფარვის მცდელობა თუ მოქნილი საინფორმაციო ომი?

როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა, რატომ აქტიურობს ამ მიმართულებით კრემლი და როგორი უნდა იყოს დასავლეთის რაექცია - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ამ თემებზე ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ისაუბრეს. სტატია თემაზე "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ მოამზადა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყნის სისუსტეების გადაფარვას საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის გამოყენებით ცდილობს, განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტმა.

„ბატონ პუტინს პრობლემა აქვს - ძალიან სერიოზული პრობლემა. მას ზესახელმწიფოს ამბიცია აქვს, მაგრამ მისი შესაძლებლობები რეგიონულ ძალას ვერ სცდება. რუსეთის ეკონომიკა, თუნდაც სანქციების დაწყებამდე და ნავთობზე ფასების დავარდნამდე, სხვადასხვა გათვლებზე დაყრდნობით მსოფლიოში მხოლოდ მე-7-დან მე-10-ე ადგილებზე მერყეობდა,“ განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა.

„პუტინი საკუთარი გლობალური მიზნების მიღწევას შეზღუდული შესაძლებლობებით ცდილობს და სწორედ ამიტომ იყენებს ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და პროპაგანდას. ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მესიჯს ავრცელებს. მის სამეზობლოში ეს მესიჯი ანტი-ამერიკანიზმია და არა პრო-დემოკრატიულობა. მისთვის ყველაფერი ამერიკის ბრალია. მისი თქმით, ფერადი რევოლუციები ამერიკამ მოაწყო. ის ცდილობს მონახოს ხალხი, რომელიც ამას დაიჯერებს და ამ მესიჯის პროპაგირებას გააკეთებს,” - ასე ხსნის რუსეთის პროპაგანდის დანიშნულებას ჰერბსტი.

საკუთარ გზავნილს კრემლი ყველაზე აქტიურად მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა მედია საშუალებებით მსოფლიოს ენებზე უამრავ ქვეყანაში ავრცელებს. ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი პიტერ პომერანცევი აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდა ხშირად გასართობ კონტენტთანაა დაკავშირებული. ამ მასალას რუსული არხები დასავლეთისგან ყიდულობენ ან დასავლური კომპანიები რუსეთში აწარმოებენ. „რუსული არხები მაყურებელს ამ მასალით იზიდავენ და შემდეგ მას პროპაგანდას და სიძულვილს ამატებენ,“ აცხადებს პომერანცევი.

მისი თქმით, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთში რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანების დებატებში ჩათრევაა. ის ამბობს, რომ ეს ფუჭი სავარჯიშო იქნება: „არ ჩაერთოთ ამ დებატებში, იმიტომ რომ ეს სრული ილუზიაა. ისინი მხოლოდ რუსული ცივილიზაციის ღირებულებებზე საუბრობენ, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს მიმდინარე პროცესებთან. მათი დანიშნულება ხალხის ყურადღების გაფანტვა და ოპონენტის ფოკუსის სხვა თემებზე გადატანაა."

ლიტვის ელჩის მოადგილე ამერიკაში მინდაუგას ჟიკუსი მდგომარეობის შეფასებისას ამბობს, რომ დასავლეთმა მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. „რაღაც თუ არ გავაკეთეთ, საშიში მდგომარეობა შეიქმნება. რუსული პროპაგანდა ხალხს ტყუილებს გასართობ მასალასთან ერთად აწვდის, მაგრამ ამასთან ისინი რბილ ძალასაც იყენებენ. ეს განსაკუთრებით იქ ხდება, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს,“ - ამბობს ლიტველი დიპლომატი.

მან მაგალითად რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ხელოვანთა მიერ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა მოიყვანა. მისი თქმით, ისინი „სამიზნე ქვეყნებში ეროვნულ დღესასწაულებზე მართავენ კონცერტებს, აწყობენ საზეიმო ღონისძიებებს. მათი მეთოდები ძალიან დახვეწილია. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გამოყენება კრემლის საგარო პოლიტიკის და რუსული ნაციონალიზმის დასაწინაურებლად ხდება.“

ექსპერტებს, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, არ აქვთ ფორმულა, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ წარმატების გარანტი იქნება. თუმცა, მათთან საუბრისას ერთი რამ გამოიკვეთა - დასავლეთის მხრიდან ერთიანი მიდგომის შემუშავების გარეშე რთული იქნება კრემლის მოქნილი საინფორმაციო პოლიტიკის წინააღმდეგ წარმატებული მოქმედება. ამასთან, რუსული საინფორმაციო ომის სამიზნე ქვეყნებში სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს კრემლის პროპაგანდის საპირწონედ ფაქტებზე დაფუძნებული, დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება.

წყარო: amerikiskhma.com