"პანამური ქაღალდები", ასათიანის შოუ, პრემიერი -"სპასაწელი..." , ანუ ვინ ჩაყვინთავს ბაზალეთის ტბის ძირას?!

"პანამური ქაღალდები", ასათიანის შოუ, პრემიერი -"სპასაწელი..." , ანუ ვინ ჩაყვინთავს ბაზალეთის ტბის ძირას?!

ერთ ხმაში "ამღერდნენ" "ნაციონალები" და "თავდემები" - ივანიშვილსა და მის მიერ მართულ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვთ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს წინააღმდეგობა გაუწიონ, აგერ ჰკითხეთ, თუ გნებავთ, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავასო.

"რუსთავი 2"-ის ეთერში გვაზავამაც არ დააყოვნა და თქვა, რომ ერთმა სუსელმა ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალის გავლით, მოსკოვსო. ეს სუსელი კიდევ თელავის უნივერსიტეტის ლექტორობიდან მოუხსნიათ ცოტა ხნის წინ და უშიშროების სამსახურში გადაუყვანიათ, "ქართუ ბანკის" ("ბიძინბანკს" რომ ეძახიან) უშიშროების მესვეურის დახმარებით.

საქართველოსაც აქვს საიდუმლო ინფორმაცია, მაგრამ ეს ნაკლებად აღელვებს და აინტერესებს უკვე ხალხს, რადგან თუ რამე საიდუმლო იყო ქვეყანაში, ყველაფერი ან ტელევიზიით "მოფქვეს", ან ინტერნეტით გაავრცელეს. უტიაშვილმა (კვესიტაძის ქმარია, ვგონებ) კი თქვა, "დაყენებული" სახით, რუსეთის სპეცსამსახურებს მსოფლიო ებრძვის, მაგრამ ხელისუფლებას ეგ არ აღელვებს, სინქრონში მოქმედებენო. ცალკე გივი თარგამაძემ გვაღირსა და გახსნა საინფორმაციო ღრუ ხალხის დასამოძღვრად. ვიღაც ექსპერტმა თქვა, უბრალოდ, "ოცნების" ხალხი რუსებს არ აწვალებს, ისე აწვდის ინფორმაციას პუტინს, თორემ მაგათი გაუგებარი მაინც არაფერი რჩებაო. მსოფლიო კი ებრძვის რუსეთის სპეცსამსახურებს, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია კი მიუციათ უკვე ევროპელებს "დიდი დათვისთვის" და ჩვენ შემოდგომამდე უნდა ველოდოთ!

საკუთარი დაბალი რეიტინგის დარდით აღელვებული პოლიტიკოსები ხელისუფლებისკენ თითს ბზეკენ და იძახიან, ცოტა დრო გვრჩება წინასაარჩევნოდო. ვინ უშლიდა ამ მამაცხონებულებს, დაეწყოთ ადრე. მაგათაც სხვა საქმე არ ჰქონოდათ! "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევ "პანამური ქაღალდებისა" და არადეკლარირებული ქონების საკითხი წამოსწია ელექტორატის მოსახიბლავად! თურმე კალაძესა და ბიძინას დამალული ჰქონიათ ფინანსურ-მატერიალური აქტივები და ამაში ყოფილა მთელი ბოროტება! ბუნებრივია, კეზერაშვილის ოფშორული მაქინაციები სრულყოფილი სიკეთის გამოვლინებაა!

ამ ბოლო დროს მთელი ყურადღება მაია ასათიანის შოუსა და პრემიერ კვირიკაშვილისკენ მიმართა საზოგადოებამ. თურმე შოუები რყვნიან მაყურებლებს (პარლამენტში ბილწსიტყვაობა და მუშტი-კრივი ზნეობის ეტალონია!) და პრემიერი აკეთილშობილებს ქვეყანას! კვირიკაშვილი ავარიის დროს "სპასაწელია",

დაცვის გარეშე დადის, შავი ჯიპები სძულს, მეტროსა და "პადზემკას" იყენებს და მეხოტბეებს ავიწყდებათ, რომ მთავრობის მეთაური ტუალეტშიც ივლის! ერთმა ისიც კი განაცხადა, უნივერსიტეტიდან გამოსვლისას მიწისქვეშა გადასასვლელში "პერაშკსაც" იყიდდაო და ნიჰილისტები ამბობენ, აგრე მიშაც გაფრინდა ადრე სხვა მგზავრებთან ერთად მოსკოვში, მაგრამ მერე ჩაგვამწარა დანარჩენი ვიზიტებით, ის ეკონომიაო! ისე, აქ რა მოსატანია, მაგრამ კვირიკაშვილმა ფრიად "გულის მომკვლელი" ინფორმაცია გაავრცელა: ბურჯანაძესა და "პატრიოტებთან" ალიანსს არ ვაპირებო!

სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებას" ვერ უშველის ბიძინას მცურავი ხეები და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას" - "ენდიაის" გამოქვეყნებული კვლევები.

პ.ს. თქვენ რომ მოგწონთ, ეგეთი ლიდერი მარტო ბაზალეთის ტბის ძირიდან შეგიძლიათ ამოიყვანოთ და გაზარდოთო, - უთქვამს ბიძინას. - ჯერ სიცივეა და ზაფხულზე ვცადოთ ბედიო, - გამოუცხადებიათ პარლამენტის სითბოს მიჩვეულ პოლიტიკოსებს. შალვას გაუპროტესტებია, ეგ ბაზალეთური ყრმა უკვე ამოყვანილია კაი ხანია და მამაჩემმა შეძლო, ოღონდ ერთხელაც არ მენდეთ, თქვენ შეგირცხვეთ საარჩევნო კულტურაო!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."