ლევან ბერძენიშვილი - პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც

ლევან ბერძენიშვილი - პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც

საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ”რესპუბლიკელმა” დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რითაც შესაბამის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, პრობლემას წარმოადგენს, როცა ,,ქართულ ოცნებაში“ არიან ლენინელები და სტალინელები.

”ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანად არის განწყობილი. მან დაასახელა ის პრობლემები, რომელიც გადასაწყვეტია. ეს იყო ნათქვამი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს. ვისაც რა უნდა ის უყვარდეს. ეს დიდი პრობლემა მაინც არ არის, მაგრამ ევროპაში არ არის ისეთი ვითარება, როდესაც ვისაც რა უნდა ის უნდა უყვარდეს. აღქმულია, რომ თუ ,, ქართულ ოცნებაში“ არის ლენინელი და სტალინელი, მაშინ იქნება პრობლემა ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სწორად დასახა უსუფაშვილმა ეს საკითხები და ეს გადასაწყვეტია”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ამ საკითხთან მიმართებაში უშუალოდ ”ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს ”გაშიფრულ თამაშს”.

”რაც შეეხება იმ საკითხს, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, მე ამ საკითხს საფუძვლიანად ვიცნობ. დიახ ,,ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში, აქ პარლამენტში აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს . მაგრამ იქ მისი პარტნიორი პარტია ყველაფერს უშლის ხელს. ეს გაშიფრული თამაშია. უნდა გითხრათ, რომ ევროპის სახალხო პარტია თავის მოედანზე დამარცხდა. დამარცხება იქნება სხვა კომიტეტზეც და საერთოდ პლენარულ სხდომაზეც. სამწუხაროდ, ისინი ორგანიზებულად უჭერენ მხარს ყველა სისულელეს, რასაც სთვაზობს ჩვენი ,,ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გუშინ განუცხადა, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."