ჰყავს თუ არა "ოცნებას" ლენინელები და სტალინელები - უმრავლესობის წევრების მწვავე გამოხმაურება უსუფაშვილის განცხადებაზე

ჰყავს თუ არა "ოცნებას" ლენინელები და სტალინელები - უმრავლესობის წევრების მწვავე გამოხმაურება უსუფაშვილის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შეიძლება ითქვას სკანდალურ განცხადებას, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის ერთ-ერთ პრობლემას "ქართული ოცნების" ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი წარმოადგენს", უმრავლესობის დეპუტატების გამოხმაურებები მოჰყვა:

"ქართული ოცნების" ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ" - დასძინა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში და კიდევ ორ მიზეზად დაასახელა რეგიონსა და ზოგადად ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე "სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, ევროპარლამენტში, "სახალხო პარტიის" წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეს იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს".

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე დღეს უმრავლესობის წევრებმა მწვავე კომენტარები გააკეთეს. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს". მისივე განმარტებით, "სახალხო პარტიიდან" ვერანაირი ინდივიდუალური განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.

"ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, "ქართულ ოცნება, დემოკრატიულ საქართველოს" ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს. ვის გულისხმობდა დავით უსუფაშვილი, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი დაბრკოლება არ ექნება ვიზალიბერალიზაციაზე და ძალიან ურყევი, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპარლამენტის და კონკრეტული დეპუტატების" - განაცხადა მანანა კობახიძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე კი ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას: "ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს "ქართული ოცნების" პარტიული სია. უსუფაშვილმა ჩემთვის ძალიან საპატივცემლო ადამიანმა, "რესპუბლიკური პარტიის" პარტიულ სიას მიხედოს. როგორმე მოვაგვარებთ ჩვენ "ქართული ოცნების" პარტიულ სიას. მე არ ვიცი ვინ იგულისხმა უსუფაშვილმა ამ შემთხვევაში, თუმცა მე, ომარ ნიშნიანიძეს ეროვნული მოძრაობიდან მოსულს, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არაფერს ცუდს ჩვენ "ოცნებას", პარტიას, მოძრაობას არ ვუკეთებთ. ამიტომაც ვინ იგულისხმა მან განცხადებაში ვერ გეტყვით. შეიძლება ვინმე კონკრეტულად იგულისხმა. არამგონია, რომ მან მე და ჩემი მეგობრები გვიგულისხმა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

რაც შეეხება "რესპუბლიკელ" დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს, მან თანაპარტიელი უსუფაშვილის მოსაზრება გაიზიარა და აღნიშნა, რომ "საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს".

"ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანად არის განწყობილი. მან დაასახელა ის პრობლემები, რომელიც გადასაწყვეტია. ეს იყო ნათქვამი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს. ვისაც რა უნდა ის უყვარდეს. ეს დიდი პრობლემა მაინც არ არის, მაგრამ ევროპაში არ არის ისეთი ვითარება, როდესაც ვისაც რა უნდა ის უნდა უყვარდეს. აღქმულია, რომ თუ "ქართულ ოცნებაში" არის ლენინელი და სტალინელი, მაშინ იქნება პრობლემა ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სწორად დასახა უსუფაშვილმა ეს საკითხები და ეს გადასაწყვეტია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."