გიორგი კვირიკაშვილი - ლავროვთან შეხვედრაზე ჯანელიძის განცხადება აბსოლუტურად ადეკვატური იყო

 გიორგი კვირიკაშვილი - ლავროვთან შეხვედრაზე ჯანელიძის განცხადება აბსოლუტურად ადეკვატური იყო

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო.

"ასეთ შეხვედრებს სჭირდება მომზადება. შეხვედრა უნდა იყოს გამიზნული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება და ეს გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა განამტკიცებდეს და დაფუძნებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა და მე ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში კომპრომისების ხარჯზე.

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ამ ჩიხიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაგვაჩნია დღეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. შესაბამის განცხადება მიხეილ ჯანელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."