კრემლში დაგეგმილი ინტრიგების "წყალობით", ქართველები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან ერთმანეთს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ მედვედევ-პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა ღალატის ტოლფასია, მეორე ნაწილის აზრით, ნატო კარს მაინც არ გვიღებს, გადამწყვეტ მომენტში არც ამერიკა გვიჭერს მხარს, ამიტომ ოპოზიციის ნაწილის მზადყოფნა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, ქვეყნის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა - გამართლებულია.ბოლო დროს, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ქართველი ინტელიგენციის გადაბირების მცდელობის ფაქტებსა და ოპოზიციონერი ლიდერების მოსკოვში გახშირებულ ვიზიტებს რეზო მიშველაძე სახიფათოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მოსკოვში საქართველოსთვის მორიგი კაკანათი უკვე დაგებულია. ცნობილი მწერალი იმაშიც გვარწმუნებს, რომ ნოღაიდელსა და მის მოკავშირეებს მალე ედუარდ შევარდნაძესავით მოუწევთ "საცოდავი სახის" მიღება და თავის მართლება - მაპატიეთ, ხალხნო, მომატყუესო. მოსკოვის ნდობა რომ არ შეიძლება, ამაში რეზო მიშველაძეს ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. მაგრამ ბევრ მათგანს უკვე ამერიკის შეერთებული შტაბების მიმართაც აქვს ნდობა დაკარგული. ზოგიერთს კი ისიც ვერ გაურკვევია, ოპოზიციის ერთი ნაწილი თამაშობს რუსეთის სასარგებლოდ თუ - ხელისუფლება...
რეჟისორი, ქეთი დოლიძე ალოგიკურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი ენერგოობიექტების დიდ ნაწილს რუსულ კომპანიებზე ყიდის და ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას ამგვარად გამოხატავს: "მადებილებენ?!. თუ პრეზიდენტი მეუბნება, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, თავად რატომ თანამშრომლობს მასთან? როგორ დავიჯერო, მთავრობამ არ იცის, რომ რუსეთში ბიზნესს ხელისუფლება აკონტროლებს?!"
შესაძლებელია თუ არა, ნეიტრალიტეტის დაცვით აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემის მოგვარება, რას მოგვიტანს ქართველებს დასავლეთისთვის ზურგის შექცევა და რას შეიძლება ელოდნენ ნოღაიდელი და მისი მოკავშირეები მოსკოვისგან? ამ საკითხებზე პასუხების მისაღებად, პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს ვესაუბრეთ.
- ბატონო ანდრო, თქვენი აზრით, რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი და მათი მხარდამჭერები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად მოსკოვთან თანამშრომლობას მიიჩნევენ?
- დღეს ქართველი ხალხი გარკვეულწილად, პანიკაშია და ეს ლოგიკურიცაა: ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, ჩვენმა პარტნიორებმა კი სათანადოდ ვერ დაგვიცვეს. პრობლემა ის გახლავთ, რომ საზოგადოებას სწორად არავინ განუმარტავს, რით იყო ამერიკის, ევროპის ან რუსეთის ესა თუ ის ქმედება განპირობებული. მასმედია რატომღაც, ძირითადად პანიკიორი პოლიტიკოსებისგან იღებს ინტერვიუებს და მათ განცხადებებს ავრცელებს.
ასეთ სიტუაციაში ხალხი უფრო მეტად იბნევა... მეც ხშირად მსმენია, - რატომ ვეხვეწებით ნატოს, როდესაც რუსეთი კარს ფართოდ გვიღებსო?! მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დასავლეთისთვის ზურგის შექცევა ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთს აბსოლუტური კარტ-ბლანში რჩება. ვისაც რუსეთის კეთილი ნების იმედად ყოფნა სახიფათოდ არ მიაჩნია, ის ან გიჟია, ან მტერი. შეგახსენებთ სერგეი ლავროვის განცხადებას - მან სიტყვასიტყვით თქვა: "ის, ვინც რუსეთთან ურთიერთობით არის დაინტერესებული, არანაირ პირობას არ აყენებს... ჩვენ პრინციპებით არ ვვაჭრობთ. ჩვენ უკვე ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა".
მხოლოდ მისი სიტყვებიც კი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ფიქრადაც კი არ გაუვლია, პირიქით, ის ყველაფერს გააკეთებს ქართული სახელმწიფოებრიობის მოსაშლელად. შეიძლება, ნატოს წევრი ხვალ და ზეგ ვერ გავხდეთ, მაგრამ ამ ორგანიზაციასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებლია. ასევე აუცილებელია, რომ ქართველები რაციონალურად აზროვნებას მივეჩვიოთ. ევროპას და დასავლეთს ჩვენ მიმართ რომანტიკული გრძნობები არ ამოძრავებთ, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოში. ძალიან ხშირად ისმის კითხვა, - რატომ არ დაგვეხმარა ამერიკა აგვისტოს ომის დროსო? აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკა დაგვეხმარა, როგორც შეეძლო... ახლა ჩვენ უნდა ავხსნათ, რატომ ვერ შეძლო უფრო მეტად დახმარება.
რუსეთმა ძალიან ვერაგულად და ჭკვიანურად შეარჩია საქართველოსთან ომის დაწყების დრო. იმ პერიოდში ვაშინგტონს ძალიან ჰქონდა გაფუჭებული საგარეო ურთიერთობები, პრობლემები ჰქონდა ერაყსა და ავღანეთში, სერიოზულად დაეძაბა ურთიერთობა თურქეთთან - ერაყისა და ქურთისტანის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ევროპელი ლიდერების მოსყიდვა (სხვადასხვა მეთოდით) და 2008 წლის აგვისტოში ევროპა ამერიკას უკვე ამრეზით უყურებდა. ამ ყველაფერს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებიც დაემატა. ამიტომ ამერიკელი პოლიტიკოსები საგარეო პოლიტიკაში ვერ აქტიურობდნენ.... ერთი სიტყვით, 2008 წლის აგვისტო რუსეთისთვის საქართველოსთან ომის დასაწყებად ყველანაირად ხელსაყრელი დრო იყო.
- ცნობილი გახდა, რომ აგვისტოს ომის დროს ამერიკის ადმინისტრაცია 4 დღე მსჯელობდა, ჩართულიყო თუ არა ომში. როგორ ფიქრობთ - რით იყო განპირობებული მათი საბოლოო გადაწყვეტილება?
- მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ამერიკას ღია სამხედრო მხარდაჭერა რომ აღმოეჩინა საქართველოსთვის? ვაშინგტონის ერთ ქმედით ნაბიჯზეც კი რუსეთი თავის "ბულავას" მაშინვე ბალტიისპირეთს ან ევროპის რომელიმე ქვეყანას დაუმიზნებდა. შედეგად კი მთელი ევროპა მსოფლიო ომის წამოწყებაში ამერიკას დაადანაშაულებდა და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ერთ დღეში "მოკვდებოდა". მართალია, ვაშინგტონმა ომში ჩაბმის გადაწყვეტილება ვერ მიიღო, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა რამ გააკეთა ჩვენს მხარდასაჭერად...
- რით ახსნით სარკოზის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ საფრანგეთს სთხოვა, რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის აგრესიული ქმედება არ შეეჩერებინა?
- ამერიკამ რუსეთს აცალა, რომ რაღაც გაეფუჭებინა და მისი დანაშაული მთელი მსოფლიოსთვის თვალნათელი გამხდარიყო. სარკოზიმ აგვისტოს ომის დროს ფოსტალიონის ფუნქცია შეასრულა და თავისი საქმეც გაიკეთა... რუსული აგრესიის გაჩერებაში უპირველესი როლი ამერიკას მიუძღვის. შეგახსენებთ - აგვისტოს ომის შემდეგ შავ ზღვაში ხშირად ჩნდებოდა ამერიკული გემები. ეს იყო ვაშინგტონის მუქარა, რომ თუ რუსეთი არ შეჩერდებოდა, პასუხსაც მიიღებდა. ამ სიტუაციაში უკვე ევროპის რეაქციაც სხვაგვარი იქნებოდა: რუსეთს თავისი აგრესიული ქმედების გაგრძელების უფლებას ნამდვილად, აღარავინ მისცემდა...
- ჟენევაში გამართული შეხვედრის კიდევ ერთ უშედეგო დასასრულს რით ახსნით?
- ეს ლოგიკურიც იყო: რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა რუსეთის ცინიკურ მოთხოვნებს?!
- ეს უკვე მოლაპარაკების მეცხრე რაუნდი იყო. თუ შედეგს ვერასოდეს მივიღებთ, შეხვედრებს რაღა აზრი აქვს?!
- ამ შეხვედრას აზრი ნამდვილად აქვს. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკება გაწყვეტილი გვაქვს, ჟენევა ერთადერთი ადგილია, სადაც კონკრეტულ პრობლემებზე, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე მასთან საუბარი მაინც შეიძლება.
- ნოღაიდელისა და მისი მხარდამჭერების იმედიან განწყობილებას, რომ რუსეთთან დიალოგით გარკვეული შედეგის მიღწევა შეიძლება, რით ახსნით?
- მე მათ ქმედებას ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. ისინი სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. ჩემი აზრით, ისინი იმიტომ ცდილობენ კრემლთან თანამშრომლობას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემთხვევაში თავიანთი "ლუკმა" მიიღონ.
- ფიქრობთ, რომ კობა დავითაშვილიცა და კახა კუკავაც საკუთარი "ლუკმის" მოლოდინში არიან?
- არ მინდა, დავიჯერო, რომ კობა დავითაშვილი ამ ყველაფერს დათანხმდება. ვნახოთ, რა მოხდება.
- ე.ი. ფიქრობთ, რომ რუსეთთან დიალოგს არანაირი აზრი არა აქვს?
- რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს?.. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა - მათი ჯარების გაყვანაა, ისინი კი გვეუბნებიან, რომ ამის სანაცვლოდ, უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, რუსეთი თავად სპობს დიალოგის ყველა შესაძლებლობას, რადგან იმედი აქვს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის გამონახავს დასაყრდენს.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- ერთადერთი გამოსავალი - ქვეყნის კონსოლიდაციაა. არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, რომ ამბიციების გამო ხელისუფლებაზე წინ დააყენოს საკუთარი თავი და ოკუპანტ ძალასთან უაზრო მოლაპარაკებები გამართოს.
- ძალიან ხშირად, ოპოზიციონერი ლიდერები სააკაშვილს აქეთ ადანაშაულებენ რუსეთთან გარიგებაში...
- სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა იმისა, რომ რუსეთთან თანამშრომლობს...
- ინტელიგენციის დიდი ნაწილისთვის დღემდე გაუგებარი რჩება, რატომ გადაეცემა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთს. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიის სწავლის დროს ამიხსნეს - როდესაც რომელიმე მოთამაშე შენ მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი, მასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას უნდა შეეცადო, მაგრამ თან მისი საწინააღმდეგო სვლები აკეთო. ეს ყველაზე კარგი და მიღებული ტონია დღევანდელ დიპლომატიაში.
ის ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გამყარებას ცდილობს, მაგრამ ნატოში ინტეგრაციისკენაც მიისწრაფვის, მოსკოვს ცივილიზებული მეთოდით მიანიშნებს, - მინდა შენთან მეგობრობა, მაგრამ - არა ჩემი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზეო. ჩვენი ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რომელიც რუსეთის მიმართ დიდ სიყვარულს იჩენს, წესად გაიხადა, რომ აჟიოტაჟი ატეხოს ყველაფერზე. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უნდათ, ხალხის თვალში რაიმე ფუნქცია შეიძინონ.
- ოპოზიციამ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ თავის საჰაერო სივრცეს დაუთმობდა სამხედრო ტრანზიტული გადაზიდვებისათვის, კრიტიკულად შეაფასა. თქვენი აზრით, ესეც უბრალო პანიკა იყო?
- კი, ესეც პანიკა იყო. რუსეთი, ყაზახეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი - ყველა ჩართულია ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში სხვადასხვა ფორმით. რუსეთი და ყაზახეთი ამერიკას კორიდორს აძლევენ, აზერბაიჯანს და თურქეთს სამხედროები ჰყავთ გაგზავნილი; სომხეთმაც კი მიავლინა რამდენიმე კაცი.
- და მაინც, ეს, ჩვენი უსაფრთხოების მიზნით, რამდენად გამართლებული წინადადებაა?
- სწორედ რომ ჩვენი უსაფრთხოების მიზნით არის ძალიან კარგი წინადადება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა იცოდეს: თუ ამერიკას კორიდორის გაკეთებაზე უარს ეტყვის და ამით ავღანეთის ოპერაციის წარმატებას შეუშლის ხელს, ნატოსა და ამერიკის საქართველოსადმი ინტერესი ერთიათად გაიზრდება. ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ამის გამო წივილ-კივილი ატეხეს, საერთოდ არა აქვთ პოლიტიკაზე წარმოდგენა.
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















