პრემიერის მკაცრი შეფასებები პაატა ზაქარეიშვილისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე

პრემიერის მკაცრი შეფასებები პაატა ზაქარეიშვილისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, არაობიექტურია და თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილებები.

ასე გამოეხმაურა პრემიერი ზაქარეიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მთავრობის დუმილი აკვირვებს.

"რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს "ქართული ოცნების" დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან და ასევე პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო, ამიტომ არ შემეძლო არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი თავად თამაზ მეჭიაურის განცახდებასაც გამოეხმაურა:

თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატის იმ განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის თანხმადაც, ის არსებული მოცემულობით ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

როგორც პრემიერმა განმარტა, მეჭიაურის განცხადება "აბსოლუტურად აცილებულია" იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.

"თამაზ მეჭიაურის განცხადებას რაც შეეხება, ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას გააჩნია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და პარტია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."