ვაშინგტონმა შეასრულა თბილისისთვის მიცემული დანაპირები და საქართველოს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო. ”ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ თბილისში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ჯეიმს სტეინბერგმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება დროული იყო. როგორც რუსული სააგენტო იტყობინება, მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს გამოიყო, ინიციატორი კი აშშ-ის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.
შეკითხვაზე, რა აზრი აქვთ ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინადადებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთში ნატო-ს ტვირთების გატარებას შეეხება, სტეინბერგმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა, მაგრამ იგი პენტაგონთან ერთად უნდა იქნეს შესწავლილი.
”ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მიერ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეტანილი წვლილისთვის” - განაცხადა სტეინბერგმა. მისივე თქმით, საქართველოში უახლოეს ხანებში ჩავა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.













