ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერად დაინიშნა: "პრეზიდენტმა პირადად შემომთავაზა"

 ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერად დაინიშნა: "პრეზიდენტმა პირადად შემომთავაზა"

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა. მიშველაძე ჟურნალისტებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა.

"დღეიდან ქალბატონი ეკა დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად და იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა თქვენთან. მას, ეკას აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ჟურნალისტიკაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილა და ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის გუნდისა და ადმინისტრაციისთვის", - განაცხადა აბაშიშვილმა.

თავის მხრივ, ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. "მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასეთი ნდობისთვის. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია. რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, ახლა ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. მე იმედი მაქვს, რომ ისეთივე მჭიდრო, კოლეგიალური და თბილი დამოკიდებულება გვექნება, როგორიც გვქონდა წლების განმავლობაში", - აღნიშნა მიშველაძემ.

როგორც ეკა მიშველაძემ "კვირის პალიტრასთან" კომენტარში განაცხადა, თანამდებობა მას პირადად პრეზიდენტმა შესთავაზა: "რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი თავის გუნდთან შეთანხმებით. მე და ბატონ პრეზიდენტს გვქონდა პირადი საუბარი, მან პირადად შემომთავაზა პრესსპიკერობა. ვფიქრობ ეს არის ძალიან საინტერესო და კარგი პოზიცია, ნამდვილად სასიხარულო ამბავი იყო და მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ გამომიცხადა.

აღსანიშნავია, რომ ეკა მიშველაძე ოპოზიციური პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის და "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლეა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."