ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები 30 მაისს გაიმართება.როგორც 6 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პარლამენტმა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების ვადად მაისის თვე განისაზღვრა.
თუმცა, მისივე თქმით, იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ საშუალება, არჩევნებისთვის უკეთ მოემზადონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს, დროულად იყოს მიღებული კანონი; ხოლო კანონში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნები 30 მაისს გაიმართება.
ამასთან, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში.
“რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო სიების გადამოწმებაში. ამით ისინი აქტიურად იქნებიან ამ პროცესში ჩართული, რაც თავისთავად საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მაჩვენებელია”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"




















