ირაკლი ალასანია მიუნხენში აშშ-ის პერეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ჯონსს და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, მიუნხენიდან განუცხადა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება.
“დღეს ხანგრძლივი დისკუსია მქონდა აშშ-ის პერეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ჯონსთან, ესპანეთის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, საუბარი გვქონდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ემზადება საქართველო არჩევნების ჩასატარებლად”, - აღნიშნა ალასანიამ.
მისი თქმით, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თვითმმართველობის არჩევენები დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება.
”ეს გამოცდა, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ერთად უნდა ჩავაბაროთ. ძალიან დიდი ინტერესია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შიდა პროცესების სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება გახდის საქართველოს უსაფრთხოს და ევროპის განუყოფელ ნაწილად აქცევს”, - განაცხადა ალასანიამ.
“ალიანსის” ლიდერის თქმით, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან, ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან.
“მიუნჰენის უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენცია მეორე დღეა, მიმდინარეობს. ძირითადად, საუბარი ეხება ევროპული უსაფრთხოების საკითხებს, ავღანეთს, ერაყს. თუმცა, ყველა, ვინც მიუნჰენში საქართველოს წარმოვადგენთ, ვცდილობთ, საქართველოს თემა განხილვის საგანი იყოს”, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. იგეგმება “ალიანსის” ლიდერის სიტყვით გამოსვლა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. ალასანიას ინფორმაციით, შეხვედრა ცნობილი დიპლომატისა და საუდის არაბეთის პრინცის, ტურ კალ ფაიზადის ისლამურ კვლევათა ინსტიტუტის ეგიდით გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"











