46 000 თანამშრომლის ხელფასი და სხვა ხარჯები - საარჩევნო პერიოდის ივნისში დაწყება ბიუჯეტს 3 მლნ ლარით მეტი დაუჯდება

46 000 თანამშრომლის ხელფასი და სხვა ხარჯები - საარჩევნო პერიოდის ივნისში დაწყება ბიუჯეტს 3 მლნ ლარით მეტი დაუჯდება

საარჩევნო პერიოდის 8 ივნისს დაწყება ბიუჯეტს დაახლოებით სამი მილიონი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე ეს არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაწყების შემთხვევაში მოხდებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა, აღნიშნულ თანხაში შედის ცესკო-ს აპარატის თანამშრომლების, საოლქო-საარჩევნო კომისიების, ასევე დამატებითი წევრების სახელფასო ანაზღაურება, გარდა ამისა, დამატებითი - ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების ხარჯები.

"კანონმდებლობის მიხედვით, საოლქო-საარჩევნო კომისიის ხუთი წევრი მუდმივმოქმედია, არჩევნების გამოცხადებიდან შვიდი დღის ვადაში ოლქის წევრის პროფესიული ნიშნით არჩევა ხდება, გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიები თავიანთ წარმომადგენლებს ნიშნავენ. საქართველოში დაახლოებით 3 700 საარჩევნო უბანია, აქ დასაქმებულია კომისიის 13 წევრი. უხეშად რომ გადავითვალოთ, დაახლოებით 46 000 თანამშრომელი გამოდის. ამ ადამიანების ხელფასზეა საუბარი. უბნები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე იწყებენ მუშაობას", - განმარტა ანა მიქელაძემ.

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებითურთ ქვეყნის პირველ პირს უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი სამართლებრივი აქტი ივლისში გამოეცა, რათა "ქვეყნის ბიუჯეტს 6-7 თვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება არ ჰქონდა", თუმცა პრემიერის აღნიშნულ პოზიციაზე საპასუხოდ, პრეზიდენტმა ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დააანონსა.

აღნიშნულის შემდეგ პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევდნენ.

კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის ორი დღის წინ გაიმართა.

უცვლელია არჩევნების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ ასევე: ”სამართლიანი არჩევნები” - საარჩევნო პერიოდში თამარ ჟვანიას ანაზღაურება თვეში ხშირად 20 000 ლარს აჭარბებს

ცესკო-ს თავმჯდომარემ ორ წელიწადში ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი მიიღო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა ხელფასები და პრემიები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."