უკრაინულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა, - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”უკრაინას” ტოკ-შოუ ”Shuster Live”-ში. გადაცემაში პრეზიდენტი საქართველოდან გუშინ ჩაერთო.საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ”კავკასიის საინფორმაციო პორტალის” ვებგვერდზეა განთავსებული.
”ბევრ ევროპულ ქვეყანას შესაძლოა, შეშურდეს უკრაინაში გამართული არჩევნების”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ვინ გახდება უკრაინის ახალი პრეზიდენტი, თბილისი და კიევი სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან.
”უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ინტერესები ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. მიმაჩნია, რომ უკრაინას აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი”, - განაცხადა მან.
გარდა პრეზიდენტისა უკრაინელ ხალხს არჩევნების სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემაც მიულოცა; კონკრეული კანდიდატისთვის მილოცვისგან კი ჯერ თავს იკავებს.
როგორც ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელს სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემით, უკრაინაში არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა და საერთაშორისო სტანდარტებს შესააბამებოდა.
შედეგთან დაკავშირებით კი, როგორც ბაქრაძე ამბობს, ამ მომენტისთვის არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ხმების დათვლის პროცესს შესაბამისი დრო სჭირდება. ამიტომ, ოფიციალურ განცხადებამდე ვინმესთვის მილოცვა ბაქრაძეს არასწორად მიაჩნია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქრთველოსა და უკრანას შორის მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება.
"დარწმუნებული ვარ, უკარაინის ახალი ხელისუფელბის პირობებში ჩვენი ურთიერთობები გაგრძლედება სტაბილურად და მეგობრულად", – დასძინა ბაქრაძემ.
"ინტერპრესნიუსი"













