დავით ნარმანიამ წელიწადნახევრიანი მუშაობა შეაჯამა - ძირითადი აქცენტები თბილისის მერის გამოსვლიდან

დავით ნარმანიამ წელიწადნახევრიანი მუშაობა შეაჯამა - ძირითადი აქცენტები თბილისის მერის გამოსვლიდან

თბილისის საკრებულო დღეს ქალაქის მერის დავით ნარმანიას მოხსენებას უსმენდა. მოხსენების დაწყებისას ქალაქის მერმა განაცხადა, რომ საკრებულოს წინაშე წარსდგა, რათა წერტილი დაუსვას თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს.

"მოვედი, რათა დავასრულო სიცრუის პროპაგანდა, მისი ტირაჟირება და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გავცე ყველა იმ კითხვას, რაც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ისმის და უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. თუ დღესაც ვინმე შეეცდება რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, არ მოგვცეს ინფორმაციის ობიექტურად გადმოცემის საშუალება. ეს იქნება იმ ადამიანების პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე", - განაცხადა დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებისას.

ამის შემდეგ მან სხვადასხვა საკითხზე დაიწყო საუბარი, თუმცა რამდენიმე წუთში დარბაზში გაისმა შეძახილი "ბოტანიკური", რა დროსაც რამდენიმე მოქალაქემ პლაკატი გაშალა, წარწერით "ბოტანიკური ბაღის ქურდები". დარბაზში ხმაური და დაპირისპირება დაიწყო, რის გამოც ნარმანიას სიტყვით გამოსვლა დროებით შეწყდა. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები დარბაზიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც სხდომა განახლდა.

ქალაქის პირველი პირის გამოსვლის ძირითადი აქცენტები "ნაციონალების" ბრალდებებზე პასუხებით შემოიფარგლა. თბილისის მერმა "ნაციონალური მოძრაობა" "მანკიერი პრაქტიკის" შემოღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაწესდა. ნარმანიას ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა. "ჩვენ ავკრძალეთ K2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ თქვენს მიერ ნებადართული ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები. სწორედ თქვენ შემოიღეთ 2007 წლიდან მანკიერი პრაქტიკა ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დააწესეთ მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან", - განაცხადა ნარმანიამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ყბადაღებული პრემიების საკითხია. ნარმანიას თქმით, მისი მერობის პერიოდში დედაქალაქის საპრემიო ფონდი მინიმუმზე დაიყვანა და მინიმუმამდე შემცირდა დანამატები: "სწორედ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გაიცემოდა კოლოსალური თანხები პრემიებისა და დანამატების სახით. დიახ, სწორედ, თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

მე შემიძლია ციფრებით გესაუბროთ, მაგალითად: 2012 წელი - პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი; 2013 წელი - პრემიის სახით გაიცა 17 110,5 ათასი ლარი; 2014 წელი - 15 833,8 ათასი ლარი. მაშინ, როცა 2015 წელს, ჩვენ ეს თანხები გავანახევრეთ და პრემიის სახით გავეცით თქვენს მიერ გაცემული თანხების ნახევარზე ნაკლები - 8 893,1 ათასი ლარი. ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს, სწორედ, 9-წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს? თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა? - აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ", - აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება ბოლო დროის კიდევ ერთ გახმაურებულ საკითხს - ბოტანიკურ ბაღს, ქალაქის მერის თქმით, კითხვაზე, თუ ვინ მოიგო გარიგების შედეგად, "პასუხი ძალიან მარტივია, ამით მოიგო ბოტანიკურმა ბაღმა": "არავის დაავიწყდეს ის წლები, როცა 2006-07 წლებიდან დაწყებული იყო არა ერთი მცდელობა ბოტანიკური ბაღის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილებით, მის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აქტიური ინვესტირებით გადარჩა ეს ტერიტორია. კარგად გახსოვთ, რადგან ზოგიერთი თქვენგანი მაშინ ქალაქის მმართველობაში იყავით. 20 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, უშუალოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმისათვის, რომ ბოტანიკური ბაღი განვითარებულიყო, არ გასხვისებულიყო და დღევანდელ დღემდე მოსულიყო ისეთი განვითარებული ფორმით, როგორც ჩვენ დღეს გვაქვს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ტერიტორიების კორექტირებით, ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია შეუერთდა. დედაქალაქის მერის განმარტებით, კიდევ ერთი სიცრუე, რაც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გაჟღერდა, არის ის, რომ ახალი ტერიტორია იყო სახიფათო, რადგანაც იქ გადიოდა ელექტროგადამცემი ხაზები - ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დავით ნარმანიამ პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის, აუქციონში გამარჯვების შედეგად ინვესტორმა აიღო ვალდებულება, შესყიდულ 29 ჰა ტერიტორიაზე აშენდეს მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმრო, განაშენიანება მოხდება შესყიდული ტერიტორიის მხოლოდ 7%-ზე (20 000 კვ/მ), სამაგიეროდ ინვესტორი მზად არის მოახდინოს დანარჩენი 27 ჰა მიწის ნაკვეთის გამწვანება, რეკრეაციულ-დასასვენებელი დანიშნულებით განვითარება, ტერიტორიის განახლება. რაც ბუნებრივია გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თბილისს შეემატება კიდევ ერთ უნიკალური პარკი.

ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მიწის გაყიდვით შეიძლება შეფერხდეს კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა, სრული სიცრუეა. გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა, საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, შემოდგომაზე ეს გზა თბილისელებს ჩაბარდება. პროექტი დაკორექტირდა გენერალური გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე, რისი დოკუმეტებიც ჩვენ ხელთ გვაქვს. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო ერთ მესამედ ნაწილს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტი გახდა უფრო მომგებიანი. არ გაზრდილა ხარჯები. რაც შეეხება 395 ხეს, მათი უდიდესი ნაწილი პროექტი რომ არ შეცვლილიყო, მაინც მოიჭრებოდა. ამ ხეების ნაცვლად კი მშენებელი კომპანია შემოდის ინიციატივით მიმდებარე ტერიტორიაზე დარგოს 400 ხე. გზა არ გაყოფს შუაში გამწვანებულ ტერიტორიას, არ დაარღვევს გარემოს მთლიანობას, მისი დანაწევრება კი ხელს შეუშლიდა გარემოს თვითაღდგენის პროცესსა და ლანდშაფტის ერთიან აღქმას", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნარმანიას თქმით, ახალი გზა იძლევა შესაძლებლობას, გაკეთდეს ახალი მისასვლელი ბოტანიკურ ბაღთან, გაუმჯობესდება გადაადგილება შინდისის და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებისთვის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."