გიორგი ქადაგიძის კომენტარი პოლიტიკაში წასვლის შესახებ

გიორგი ქადაგიძის კომენტარი პოლიტიკაში წასვლის შესახებ

ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და სტუდენტებთან მეტი მუშაობა, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პოლიტიკაში მის წასვლასთან დაკავშირებულ კითხვებს.

ამასთან, ქადაგიძე ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ათეულს აფასებს და აცხადებს, რომ მათ პროფესიონალიზმის გამო გულშემატკივრობს.

”მოთხოვნა "ახალ სახეებზე" პოლიტიკაში: თუ ხელოსანი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ ექიმი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ მასწავლებელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ თანამშრომელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს და პოლიტიკაში გვინდა ახალი და გამოუცდელი?! რა თქმა უნდა, არა, განახლების ქვეშ იგულისხმება მცოდნე, გამოცდილი და ახალი ენერგიის მატარებელი. ვუყურებ ”ნაციონალური მოძრაობის” "ათეულის" პრეზენტაციას და ვგულშემატკივრობ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ჩემი მეგობარია, არამედ, პირველ რიგში, მათი პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების გამო”, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

ქადაგიძე ასევე საკუთარ გეგმებზე წერს.

”რადგან არის კითხვები, აქვე ვიტყვი, რომ ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, სტუდენტებთან მეტი მუშაობა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის”, - წერს გიორგი ქადაგიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."