"ქართველი პატრიოტის პოზიცია უჭირავს… თუ გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, სიამოვნებით მივიღებთ” - თოფაძე მეჭიაურზე

"ქართველი პატრიოტის პოზიცია უჭირავს… თუ გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, სიამოვნებით მივიღებთ” - თოფაძე მეჭიაურზე

თუ თამაზ მეჭიაური გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, სიამოვნებით მივიღებთ მის თხოვნას - ამის შესახებ მრეწველების ლიდერმა, გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თოფაძის შეფასებით, თამაზ მეჭიაური შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტია და არასოდეს შეუცვლია საკუთარი პოზიცია.

"ბოლო ერთი კვირაა ყველა თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს. ის არის შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტი და არასოდეს, საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ყოველთვის თავისი ქვეყნის სასიკეთო აზრებს გამოთქვამდა. არის პრინციპული ადამიანი და თუკი თამაზი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ მის თხოვნას", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

მისივე თქმით, თამაზ მეჭიაურთან ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.

"შევხდი და მადლობა ვუთხარი, რომ კარგი, ქართველი პატრიოტის პოზიცია უჭირავს. მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი უნდა იყოს პარლამენტში", - აღნიშნა თოფაძემ.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა "ქართველი პატრიოტის პოზიციაში", თამაზ მეჭიაურის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით, თოფაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია ამ საკითხში თამაზ მეჭიაურის თანამოაზრეა.

"ჩვენ თანამოაზრეები ვართ ამ საკითხში, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თამაზი იყოს ჩვენს გვერდში. ასეთი ქართველი პატრიოტები უნდა იყვნენ პარლამენტში და არა ისინი, ვისაც ჩვენ კოსმოპოლიტებს ვეძახით და უცხოელების გრანტებით გაზულუქებულები აწვებიან თავისას", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."