რევოლუცია არა მხოლოდ დროშების ქნევა და ქუჩაში გამოსვლაა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე გააკეთა.მისი თქმით, რევოლუცია არის მტკივნეული და რადიკალური რეფორმები, ეროვნული ერთიანობა და კონსენსუსი მთავარი საკითხების გარშემო.
”ის, რომ საქართველო და უკრაინა - ძალიან ახლობელი და მეგობრული ქვეყნები სხვადასხვა გზით წავიდნენ, არ მინდა ცალკე აღებულ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას დავაბრალო, რადგან ეს არ იყო ცაკლე აღებული არავის ბრალი. ეს გამოიწვია იმან, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მოახერხეს კონსენსუსის მოპოვება მთავარ საკითხებზე და მთელი ეს ბრძოლა მუდმივად ურთიერთდაპირისპირებაზე, ქიშპობასა და ერთამანეთის ჩაძირვაზე დაიხარჯა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, სწორედ ამის “გამოწერა” უნდათ საქართველოსთვის ზოგიერთ რადიკალურ ოპონენეტებს საქართველოს შიგნით და მათთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოს გარეთ. ”სად უკრაინის საწყისი პოზიცია და სად ჩენი პოზიციები, როცა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; სად მათი გეოგრაფია და სად ჩვენი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავარი გამოსავალი და გზა მისი განსაკუთრებულობისა და აღებული კურსის შენარჩუნებაა.
"ვინც რაც არ უნდა წკავწკავებდეს და ყიყინებდეს, ჩვენი გზა არის ჩვენი ქარავნის გაგრძელება და ჩვენს მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა”, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა, თუ არა დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა, არ გააჩნია.
"საქართველოს არ გააჩნია სხვა ალტერნატივა, თუ არა შეუქცევადობა ყველა ამ საკითხის, კორუფციის აღმოფხვრის ბოლომდე მიყვანა, შემდგომი დემოკრატიზაცია და პოლიტიკური რეფორმები. ამავე დროს, საჭიროა მუდმივად პულსზე ხელის ჭერა იმისთვის, რომ არაფერში უკან დახევა არ მოხდეს, არც ერთი პროგრესული მონაპოვრის უკან შეტრიალება არ მოხდეს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს არის ის, რამაც შეიძლება საქართველო რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აქციოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო იმ რეიტინგების და მონაცემების მიხედვით, რაც ქვეყნდება, უკვე დიდი ხანია აღარ არის ყოფილი საბჭოთა ქვეყანა. “საქართველო ახლა შემოსახვევიდან განვითარების მთავარ ავტობანზე გადადის”,- დასძინა სააკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"











