გიორგი მარგველაშვილის განცხადება კორცხელის ინციდენტის შესახებ

გიორგი მარგველაშვილის განცხადება კორცხელის ინციდენტის შესახებ

”საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას, გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

ეკა მიშველაძემ საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას რამდენიმე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელსაც სურს მშვიდ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით გააკეთოს არჩევანი. მთლიანობაში კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ შეუძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ეკა მიშველაძის თქმით, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, ვინაიდან არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა და უამრავი მოწმე. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა.

„რამდენიმე თვეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ძალადობას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."