გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ის მზად არის ყველა ნეგატიური ინსტრუმენტი გამოიყენოს რის გამოც ჩვენ თავის დროზე გავისტუმრეთ "ნაცმოძრაობა"

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ის მზად არის ყველა ნეგატიური ინსტრუმენტი გამოიყენოს რის გამოც ჩვენ თავის დროზე გავისტუმრეთ "ნაცმოძრაობა"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, დრამატულად განვითარდა პროცესები რეგიონებში ადგილობრივ თვითმართველობით ორგანოებში 9 ოლქში გამართულ არჩევნებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ რეგიონებში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებასა და დიდი ცემა-ტყეპის პოლიტიკურ შედეგებს?

- მომხდარი საკმაოდ ცუდი წინაპირობაა ვითარების შემდგომი დრამატიზირებისათვის. მხედველობაში მაქვს როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ამ პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიები.

ფაქტობრივად, ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ის მზად არის ყველა ნეგატიური ინსტრუმენტი გამოიყენოს რის გამოც ჩვენ თავის დროზე გავისტუმრეთ "ნაცმოძრაობა". ჩვენ წინა რეჟიმს იმიტომ კი არ ვებრძოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი არ მოგვწონდა. სააკაშვილს იმიტომ ვებრძოდით, რომ მას ჰყავდა ზონდერები, სასამართლოში ჰყავდა მურუსიძე, პოლიციაში ჰყავდა პოლიტიკური დამკვეთების შემსრულებელები. თუ ყველა ეს ინსტრუმენტი ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან მინდობილობით გადმოიბარა, მაშინ რა შევცვალეთ? რა გამოდის, ქვეყანას ისევ კოლექტიური სააკაშვილი მართავს?

პრობლემა წინათ იყო არა პიროვნებაში, არამედ სისტემაში. ჩვენ თუ რეჟიმი გავისტუმრეთ, მაგრამ სისტემა შევინარჩუნეთ და ამას ხელისუფლებამ ხელი მოაწერა, მაშინ მათი ფინალი დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა.

სააკაშვილს იმიტომ ვებრძოდით, რომ მას ჰყავდა ზონდერები, სასამართლოში ჰყავდა მურუსიძე, პოლიციაში ჰყავდა პოლიტიკური დამკვეთების შემსრულებელები. თუ ყველა ეს ინსტრუმენტი ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან მინდობილობით გადმოიბარა, მაშინ რა შევცვალეთ? რა გამოდის, ქვეყანას ისევ კოლექტიური სააკაშვილი მართავს?

რაც შეეხება ვითარების აღქმას. ჩემი აზრით, არჩევნებზე "ქართული ოცნებისთვის" სავალალო შედეგი დაიდო. მიუხედავად ასეთი ძალისხმევისა, "ოცნებისთვის" შედეგი უარყოფითი დადგა. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ამომრჩეველი დარჩენილია ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ, ანუ, ამომრჩეველთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ დღემდე გვეგონა რომ "ნაცმოძრაობის" სახით, ხელისუფლებას მასზე უარესი ოპოზიცია ჰყავს. ახლა ეს ვითარება ტრიალდება, ცუდსა და უარესს შორის, დღევანდელი ხელისუფლება კიდევ უარესია.

ამომრჩეველს, რომელსაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს და ამას ყველა კვლევა აჩვენებს, ეს კიდევ უფრო უძლიერებს არჩევნებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. აქედან ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ის, რომ დანარჩენი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ასევე სერიოზულ კრიზისშია, გააქტიურდეს და უზრუნველყოს ამომრჩეველთან კომუნიკაციის აწყობა. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ დავრჩებით მანკიერ წრეში, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ, რაც გარდა იმისა, რომ ჩამოაყალიბებს სერიოზულ კრიზისს, თავისთავად გამოიწვევს ამომრჩევლის სრულ დისტანცირებას საარჩევნო პროცესისადმი. დაბალი აქტივობის პირობებში სუსტი ლეგიტიმაციის მატარებელი მთავრობის ფორმირების პრობლემის წინაშე აღმოვჩდებით. რაც შესაძლოა გახდეს დესტაბილიზაციის პირდაპირი საფუძველი.

- თუ არჩევნების შედეგებს დავუბრუნდებით, რა გამოდის - სამეგრელოსა და გურიის მოსახლეობას "სისხლიანი 9 წელიწადი" მოენატრა?

- არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ მას არ აქვს ნორმალური არჩევანი. ანუ, იგი არჩევანს აკეთებს ცუდსა და კიდევ უარეს შორის. ამ ეტაპზე მას კარგ არჩევანს არავინ არ სთავაზობს. იმედი მაქვს, რომ საარჩევნოდ. ანუ, ოქტომბრამდე ასეთი არჩევანი გაჩნდება. ეს არჩევანი არ დაუკავშირდება არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაცმოძრაობას".

- ხელისუფლება აცხადებს, რომ "ნაციონალებმა" პროვოკაცია მოაწყვეს. დავუშვათ, "ნაციონალებმა" ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით მართლაც დაგეგმეს პროვოკაცია. თუ ხელისუფლებამ მათი გეგმების შესახებ იცოდა, ამ პროცესში კუნთმაგარი სპორტსმენების ჩართვა რაღა იყო? გამოდის - ხელისუფლება აჰყვა "ნაციონელებს" პროვოკაციაში, თამაშის წესები მიიღო და ახლა ორივეს ერთნაირი წინასაარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ?

- არანაირი აზრი არ აქვს საუბარს იმაზე, "ნაციონალებმა" მართლა მოაწყვეს თუ არა პროვოკაცია. ჩემი აზრით, ამ თემაზე ხელისუფლების კომენტარები აბსოლუტურად არაადეკვატური და რეალობას მოწყვეტილია. ერთი უბედურებაა, როცა შენ ძალადობ და მეორე უბედურებაა, როცა ხელისუფლება თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დღის წესრიგით ცხოვრობს და მოქმედებს. რასაც გთავაზობს, იმას წამოეგები და ნებისმიერ ხაფანგში ებმები. ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები მომხდარის გამართლებად არ გამოდგება. მით უმეტეს, რომ მათი კომენატარები დამაჯერებლობას მოკლებულია. რა უნდოდათ ამ ადამიანებს სოფელ კორცხელში. გასაგებია, რომ ისინი ჩაყვანილები იყვნენ რაღაც მიზნით. შესაძლოა, პრევენციისთვის, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."