"ქართული ოცნების" 4-წლიანი მმართველობის რა მიღწევებზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში

"ქართული ოცნების" 4-წლიანი მმართველობის რა მიღწევებზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს. ვრცელი მიმართვა რამდენიმე ძირითადი ქვეთავისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთია "ქართული ოცნების" 4-წლიანი მმართველობის მიმოხილვა. აი რას წერს ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ხელისუფლების მიღწევებზე:

"...უპასუხისმგებლო და მოძალადე მთავრობის ნაცვლად ჩამოვაყალიბეთ მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბრალებენ კორუფციის მფარველობას.

ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო - 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება.

მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ. აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას.

მოვახდინეთ პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გავაუქმეთ სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოვაშორეთ შსს-ს.

მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან. თვალსაჩინო ფაქტია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და, სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია.

ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე.

ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის.

ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით. ამავე დროს, ეხმარება პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 26 ათასზე მეტმა ბიზნესპროექტმა ისარგებლა დაფინანსებით. ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

წინა ხელისუფლების დროს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისთვის, ჩვენი მოქალაქეები ახლობლების გადასარჩენად იძულებულნი იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და სესხები აეღოთ, ამის ნაცვლად ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო დაზღვევა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ბედის ანაბარად აღარაა მიტოვებული, აუცილებელი ოპერაციისა და მკურნალობის გარეშე არავინ რჩება. ხორციელდება მსოფლიოში უნიკალური პროგრამა და ცე ჰეპატიტისგან უფასოდ განიკურნება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი ძალისხმევის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა. ეს პროექტი არამარტო სოციალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არამედ სწორედ ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 1 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა.

ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე. 2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე - 2009-2012 წლებში.

საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა. 2007-2009 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 5 მილიარდ 34 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2010-2012-ში 4 მილიარდ 453 მილიონით, ხოლო 2013-2015 წლებში მხოლოდ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარით, ანუ წინა სამ წელთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებით. 2013 წელს დასრულდა პრაქტიკა, როცა ქვეყანა სავალუტო დეფიციტს მასშტაბური ვალის აღებით აბალანსებდა და პირიქით, ვალის აქტიურად დაფარვა დაიწყო.

2013 წლიდან საგარეო ვალის ზრდით მიღებული ეკონომიკური ზრდის იმიტაციის ნაცვლად ჩამოყალიბდა ინვესტიციებზე დამოკიდებული კონკურენტუნარიანი გარემო, ამის დასტურია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87-ე ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ე ადგილზე დავქვეითდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66-ე ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით. ეს არის რეიტინგი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.

სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს.

იმავე კვლევის მიხედვით 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46.4%-ით გაიზრდება და 2021 წელს 14 663 საერთაშორისო დოლარს მიაღწევს, ხოლო ზრდის ტემპი 11.9% გახდება. თუ ასეთი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, რაც სრულიად რეალურია, 2030 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებელი გაოთხმაგდება და 40 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს. ეს ციფრები ახლოს არის ევროპის წარმატებული ქვეყნების დღევანდელ მონაცემებთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს.

მსოფლიო ბანკმა გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა 17 ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი კვლევა, რომლის მიხედვით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს ინდიკატორებია: მთავრობის ეფექტიანობა, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი, გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, რეგულაციების ხარისხი, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა.

დღეს მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია და, გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა.

ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შევძელით ქართული პროდუქციისთვის გაგვეხსნა რუსული ბაზარი და, ამავე დროს, 2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. 2013-2015 წლებში წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2006-2012 წლებში 23000-ით შემცირდა.

2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი - მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველთუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%;

2013-2015 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 4 მილიარდ 520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდა შთამბეჭდავია მიმდინარე წელსაც. იანვარ-აპრილში ჩვენი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა და შეადგინა 505 მლნ აშშ დოლარი.

2013-2015 წლებში 2010-2012 წლებთან შედარებით მშენებლობის მოცულობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 56%-ით, მათ შორის, თბილისში 63%-ით, ხოლო აჭარაში - 76%-ით (გაცემული ნებართვების მიხედვით).

მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგეტიკული პროექტების მოცულობა:

● 2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური.

● უახლეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის - 416 მილიონი დოლარის ღირებულების "შუახევჰესი". დაიწყო "ნენსკარაჰესის" მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.

● გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია.

საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.

აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსათვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელორუსს, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.

დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას შევუდგებით.

განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.

მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.

მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით - გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას იყო. მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაახალისებს ეკონომიკას და მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ მიზნით უკვე ჩავატარეთ შვიდი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოწვეულები იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ასოცირებული ექსპერტებიც, თუმცა, მათგანაც ვერ მოვისმინეთ რაიმე შემოთავაზება, რეალურად კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და არ გააკეთა.

ნებისმიერი მთავრობის მუშაობა ფასდება რეალური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებით. ამ კრიტერიუმით საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასე აფასებენ საქართველოს მთავრობას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები" - წერს ივანიშვილი ღია წერილში.

წაიკითხეთ ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."