ნიკა გვარამია - კვირიკაშვილის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი აქვს

ნიკა გვარამია - კვირიკაშვილის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი აქვს

კვირიკაშვილმა თავის გონორი გააკონტროლოს, არაფერს რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი რომ აქვს, - ასე გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი2"-სა და ნიკა გვარამიას შეეხებოდა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით არარაოობაა. "გიორგი კვირიკაშვილმა თავის გონორს მიხედოს, ფულით ნაყიდი რომ იყო და "ახალი მემარჯვენეების" ფრაქციაში იჯდა. მას საერთოდ არაფერი აქვს სალაპარაკო. სამარცხვინოა, როდესაც იუსტიციის მინისტრი ასეთ პროცესებს მართავს და პრემიერი მასაც კი ვერ უწევს კონტროლს. უკაცრავად და იუსტიციის მინისტრს ახატია, თუ რას ფიქრობს მისი პრემიერი. კვირიკაშვილმა თავისი გონორი გააკონტროლოს, არაფერს რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი რომ აქვს.

არარაობაა კვირიკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით და ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიც კი არ არის. თუ გაინტერესებთ, წულუკიანია დღეს პრემიერ მინისტრი და არა კვირიკაშვილი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ისურვებდა ეხილა "რუსთავი 2" შეცვლილი და ამით ვინმესთვის სპეკულირების საშუალება მიეცა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში. მისი თქმით, საკუთრების საკითხს იხილავს სასამართლო, ეს არის სამოქალაქო პროცესი და მთავრობას მასში ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი სურვილია, სალაპარაკო ამით არავის მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება, ან არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, რაც ადამიანურია, იმაზე, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე არანაირი პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს კერძო ტელევიზიის მიმართ, როგორც პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს.

"იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი გონორი დღეს, სამწუხაროდ ასე საუბრობს; ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ყველაფრის, რაც 2007 წელს ხდებოდა. მე ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის, ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, არანაირ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ", - დასძინა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."