დავით გამყრელიძე - გვარამიამ ყველა წესი დაარღვია და ისეთი რამ დააბრალა კვირიკაშვილს და ”მემარჯვენეებს”, რომელზეც ბოდიშის მოხდა მოუწევს

დავით გამყრელიძე - გვარამიამ ყველა წესი დაარღვია და ისეთი რამ დააბრალა კვირიკაშვილს და ”მემარჯვენეებს”, რომელზეც ბოდიშის მოხდა მოუწევს

ვთხოვ ნიკა გვარამიას, ბოდიში მოიხადოს და უკან წაიღოს სიტყვები, ან თუ რამე საბუთი აქვს, თავისი ნათქვამი დაამტკიცოს, - ასე გამოეხმაურა ”ახალი მემარჯვენეების” ყოფილი თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.

”ახალი მემარჯვენეების” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ 4 წლიანი დუმილი დაარღვია და ”ინტერპრესნიუსთან” პირველი პოლიტიკური კომენტარი გააკეთა. დავით გამყრელიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ კომენტარის გაკეთებას ”ინტერპრესნიუსთან” იმის გამო დათანხმდა, რომ საქმე ეხება მისთვის ძვირფას პოლიტიკურ პარტიას (”ახალი მემარჯვენეები”)და ადამიანებს.

დავით გამყრელიძის შეფასებით, ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადება არის აღმაშფოთებელი და თუ მსგავსი განცხადებებით გააგრძელებს საქმიანობას ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, არხი დაკარგავს რიგითი ადამიანების მხარდაჭერას.

”ნიკა გვარამია იბრძვის თავისი ტელევიზიისთვის, მას აქვს რაღაც პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. მე ვგულშემატკივრობ ყველა დამოუკიდებელ მედიას, მაგრამ ამ ბრძოლაში არსებობს რაღაც წესები. მან ყველა წესი დაარღვია და ისეთი რამ დააბრალა კვირიკაშვილს და ”მემარჯვენეებს”, რომელზეც მას ნამდვილად ბოდიშის მოხდა მოუწევს. ნიკა გვარამიამ ან უნდა დაამტკიცოს ეს, ან არა და მან უკან უნდა წაიღოს თავის სიტყვები და აღიაროს, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

არც გიორგი კვირიკაშვილი და არც ერთი ”მემარჯვენე” არასოდეს ფულის მოტივაციით არ იბრძოდა. ჩვენ ურთულეს ბრძოლაში შევედით მაშინ ”მოქალაქეთა კავშირთან”, სადაც სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილი და ბევრი ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. ჩვენ წავედით დინების წინააღმდეგ და ეს იყო ურთულესი ბრძოლა.

რა ფულზე ლაპარაკობს ნიკა გვარამია?! როგორ არ რცხვენია?! მე მას კარგად ვიცნობ და არ მესმის ასე როგორ უნდა გამოხვიდე წყობიდან და ასეთი ცილი დასწამო ადამიანს?! სრულიად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ”ახალი მემარჯვენეების” მაშინდელი თავმჯდომარისთვის.

მე ნამდვილად ვერავინ დამაბრალებს ამ ხელისუფლების ადვოკატობას. მე ოპოზიციაში ვიყავი და განსხვავებული აზრი მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან და ”ქართული ოცნებისგან” და არც დღეს ვარ დიდი ადვოკატი ამ პოლიტიკური ძალის, მაგრამ მე პირველ რიგში ობიექტური უნდა ვიყო და არავის მივცემ იმის საშუალებას, ასეთი ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილზე, როგორც პრემიერზე საუბარი. აქ საუბარია ერთის მხრივ მასზე, როგორც ადამიანზე და იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც მე წარმოვადგენდი. ეს არის სრული სიცრუე და ვთხოვ ნიკა გვარამიას ბოდიში მოიხადოს და უკან წაიღოს სიტყვები, ან თუ რამე საბუთი აქვს, თავის ნათქვამი დაამტკიცოს. თუ ასე აპირებს ის ინტერესების დაცვას, ვფიქრობ დიდი პერსპექტივა არ აქვს”-განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."