ომარ ნიშნიანიძე - ხალხი ჩვენგან ითხოვდა, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი

ომარ ნიშნიანიძე - ხალხი ჩვენგან ითხოვდა, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დატოვება უჭირს. როგორც ომარ ნიშნიაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯერჯერობით მისთვის პარტიაში დარჩენაზე არც უარი უთქვამთ, არც თანხმობა და ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ელოდება.

მისივე თქმით, აქამდე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა.

"ჩემი შინაგანი გადაწყვეტილებაც იყო, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა და მე გავწევრიანდი, ვიბრძოლე. ყოველთვის ვამბობდი, რომ კოჰაბიტაცია არის ჩვენი ხარაკირი, უპიარობა არის ჩვენი ხარაკირი და ამის შედეგებიც გვაქვს. მე მიმძიმს ჩემი გუნდის დატოვება, მინდა აქ დავრჩე და არ დავუთმო ისეთ ადამიანებს, რომლებიც მაინც და მაინც "ნაციონალური მოძრაობის" ქება-დიდებით არიან დაკავებულები.

მინდა დავრჩე, მაგრამ თუ მეტყვიან - არ არის აქ შენი ადგილი, პატარა ბიჭივით არ გავნაწყენდები და ჩემს ადგილს მოვძებნი. არც განათლება მაკლია, არც თავშეკავება", - განაცხადა ომარ ნიშნიაძემ.

მისივე თქმით, როდესაც მისი გამოსვლები იყო ხისტი, ის ამით მოსახლეობის ერთი ნაწილის მოთხოვნებს აჟღერებდა.

"როდესაც ვიყავი ძალიან აქტიური და ხისტი, სხვათა შორის ბატონმა ბიძინამაც მითხრა, ცოტა ხისტი იყავიო, ხისტი თუ ვიყავი, ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას, მათ პოზიციას ვახმოვანებდი და არ მინდოდა ეს ელექტორატი დამეკარგა "ქართული ოცნებისთვის". ისინი ნაწამები, ნაცემი და ქონებაწართმეული ხალხია და ჩვენგან ითხოვდნენ, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი. ეს იყო მათი მოთხოვნა და მე მათ აზრს ვახმოვანებდი. მე არ მეშლება, როგორ ვიყო დიპლომატიური, წყნარი და მშვიდი. თუ საჭირო იქნება, ტონსაც დავუწევ, მაგრამ უნდა მითხრან გუნდში, აი, ომარ, ცოტა შეანელე, მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა ასეა", - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც ნიშნიაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" ლიდერები მას ვერც ერთგულებას დაუწუნებენ და ვერ პასიურობაში დაადანაშაულებენ.

"მე ვიყავი აქტიური. მე არ ვარ მაჩანჩალა. ენების ცოდნაზე თუ არის ლაპარაკი, საყველპურო ინგლისური ვიცი, მაგრამ ვიცი სხვა ენები, რუსული, გერმანული. ჯერჯერობით, უარსაც ვერ მეუბნებიან და არც ჰოს. გულიც არ მომდის", - განაცხადა ომარ ნიშნიაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში შეხვდება ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს.

"სადაც მეტყვიან ვიყო, იქ ვიქნები", - განაცხადა ნიშნიაძემ და აღნიშნა, რომ თუ "ქართული ოცნებიდან" წავა, მაშინ მას საზოგადოება თამაზ მეჭიაურის გუნდში იხილავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."