რატომ ვერ მიიღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება და როდის უნდა ველოდოთ შედეგს

რატომ ვერ მიიღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება და როდის უნდა ველოდოთ შედეგს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER), ბრიუსელში 1-ელ ივნისს გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღო.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) სხდომაზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი კვლავ რჩება 9-10 ივნისს დაგეგმილი, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების (JHA) შეხვედრის დღის წესრიგში.

გიგიაძე იმედოვნებს, რომ ამ პერიოდამდე მოხდება საბოლოო აზრის კონსოლიდაცია და 9-10 ივნისს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს. "რით არის განპირობებული ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ COREPER-ში შეთანხმება ვერ შედგა ანუ უნდა მომზადებულიყო პოზიცია, რომელიც 9-10 ივნისს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე (JHA) უნდა გავიდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროცესი მიმდინარეობს არსებული დღის წესრიგის შესაბამისად. საქართველოს საკითხი კვლავ რჩება 9-10 ივნისს დაგეგმილი საბჭოს დღის წესრიგში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდამდე მოხდება საბოლოოდ აზრის კონსოლიდაცია და 9-10 ივნისს საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიგიაძემ.

ამასთან, ქართული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს იმ ინფორმაციის შესახებ, რომ გუშინ შეთანხმება საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციის გამო ვერ შედგა. "ჩვენ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა სახის ვერსია გაჟღერდა. ველოდებით პროცესის წარმატებით დასრულებას სწორედ ისე, როგორც ამის პირობა არაერთხელ იყო გაჟღერებული როგორც ევროკომისიის, ისე წევრი ქვეყნების, მათ შორის, ზემოაღნიშნული ქვეყნების მხრიდან. ველოდებით, რომ ეს პროცესი უახლოეს პერიოდში წარმატებით უნდა დასრულდეს. საქართველო მაქსიმალურად შეფასებულია, როგორც საშინაო დავალების ყველაზე კარგი შემსრულებელი, ყველაზე მოწინავე ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მინისტერიალის ფარგლებში, როდესაც ევროკავშირის წევრი უკლებლივ ყველა ქვეყანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დააფიქსირეს საქართველოს მიღწევები და ის დიდი პროგრესი, რომელიც განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის მიმართლებით არსებობს საქართველოს მხრიდან. შესაბაისად მიგვაჩნია, რომ ამის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს დადებითი გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგიაძემ.

თუ რატომ ვერ შეთანხმდენ ევროკავშირის ელჩები გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, პასუხის გაცემა უჭირს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. თუმცა თედო ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ პროცესი საქართველოსთვის დადებითი შედეგით დასრულდება.

"ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესი. ახლა მე ვერ გეტყვით ზუსტად, რის გამო მოხდა ეს - შეიძლება ვიღაც ავად გახდა, ვიღაც გაცივდა, ვიღაცამ დააგვიანა, ვიღაცას თავის მოსაზრება ჰქონდა... ეს არის დემოკრატიული პროცესი, სადაც ერთი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, დამერწმუნეთ, რომ შედეგი იქნება დადებითი და ჩვენთვის სასიამოვნო", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე უკვე მიღებულია, თუმცა ზუსტი დროის დასახელება, როდის მოვა სისრულეში, ძნელი სათქმელია. "ზუსტად სად, რომელ საათზე მოხდება ვიზალიბერალიზაცია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება, ეჭვი არ მეპარება", - დასძენს ჯაფარიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."