"მთავრობაში არც ერთი ძველი ბიჭი არ მინახავს" - დავით სერგეენკო პრეზიდენტს პასუხობს

"მთავრობაში არც ერთი ძველი ბიჭი არ მინახავს" - დავით სერგეენკო პრეზიდენტს პასუხობს

მთავრობაში არც ერთი ძველი ბიჭი არ მინახავს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის თითქმის 4 წელია მთავრობაში იმყოფება და არც ერთი ძველი ბიჭი არ უნახავს.

"სამი წელი და 8 თვეა მთავრობაში ვარ და სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება კორცხალის ინციდენტს და მიმდინარე გამოძიებას, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მოდურ ტენდენციად იქცა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული სამართლებრივ პროცესებში, უნდა აკრიტიკოს გამოძიება და სასამართლო.

"ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მოდური ტენდენცია გახდა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში, გამოხატონ კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებით. მე მგონი, გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება, დაკავდნენ თავისი საქმით და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები და კრიტიკა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, "კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც ესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაეკეთებინათ, უკვე დამაფიქრებელია".

"კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და როგორც ქვეყანას, რომელიც დემოკრატიას აშენებს. ამ რეპეტიციის მიმართ სამაგალითო პოზიცია და რეაქცია უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ის ხმაური, რომელიც არის როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან, არის სრულიად ბუნებრივი, მაგრამ სიჩუმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამართალდამცველებისგან, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელი", - განაცხადა მარგველაშვილმა გუშინ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც ამ პროცესებს აკვირდება, უჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."