"რუსებს საქართველოს ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ" - მოროშკინა პოლიტიკურ გეგმებზე

"რუსებს საქართველოს ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ" - მოროშკინა პოლიტიკურ გეგმებზე

"ჩემში რუსული გვარი არის და შესაბამისად შერიგების მოტივაცია ჩემში მეტია" - ახლადდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მოროშკინამ განაცხადა, ევროპაში განცდილი კრახის შემდეგ აუცილებლად უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან: "ევროპაში განვიცადეთ კრახი, ხოლო რუსეთში საერთოდ არ ვართ წარმოდგენილი დიპლომატიური ფორმატით, თუ არ ჩავთვლით კარასინი-აბაშიძის ფორმატს, რომელიც ზღვაში წვეთია. ჩვენ გვჭირდება დარეგულირება და ურთიერთობის ნორმალურად დაწყება. საქართველო უნდა დაბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ სტატუსკვომდე. უნდა დაბრუნდეს ტერიტორიები, რომლებიც მის მერე დავკარგეთ, მისახედია სამაჩაბლო და აფხაზეთი. ევროპა ჩვენთან არ ლაპარაკობს და ნატო კარს არ გაგვიღებს და თუ რუსეთთან გავაგრძელეთ კონფრონტაციული რეჟიმი, კარგს არაფერს მოგვიტანს.

ის, რასაც ამბობს მეჭიაური, რომელიც არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრია, რომელმაც პირველად გაბედა და გააკეთა განცხადება ნატო-სთან მიმართებაში, გადის დრო და ვხვდებით, რომ მართალი იყო. არა მხოლოდ ნატო-მ გვითხრა უარი, ვიზალიბერალიზაციაზე ისეთი უკმეხი პასუხი გაგვცეს ფრანგებმა და გერმანელებმა, გასაგებია, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია. რჩება მოლაპარაკების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც თავიდან ძალიან დაინტერესებული იყო იმით, რომ ჩაეთრიათ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტში და დღეს კოდორს და 30კმ-ში ჩვენ ტერიტორიას აკონტროლებენ. სააკაშვილმა ვერ გაუძლო ამ დიდ გამოწვევას და ქვეყანა ჩაითრია ომში. ჩვენმა თაობამ უნდა ვიზრუნოთ, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ამისთვის უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა მოროშკინამ.

რაც შეეხება ოკუპანტი ქვეყნის მხრდიდან შესაძლო პროვოკაციებს, მოროშკინას თქმით, რუსეთს საქართველოს დაპყრობა არაფერში სჭირდება: "მოსკოვის ორი ცენტრალური ქუჩისხელა ვართ მთელი საქართველო. ჩვენთან ჭირდებათ მხოლოდ დასვენება კურორტებზე. წელს ჩამოსული მილიონი ტურისტი რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკას ძალიან წაადგება. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არაფერში ჭირდებათ, ეს იყო დემარში სააკაშვილის წინააღმდეგ. თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება მზაობა, ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს, ტერიტორიების დაბრუნებაც დაიწყება. რუსეთს არ შეეძლო აფხაზეთის და ოსეთის აყვავება? ოლიმპიური თამაშები, როდესაც სოჭში ჩავარდა (ვერც წარმოიდგენთ სოჭი რა არის, ეს არის მონაკო), არ შეეძლოთ ამის სოხუმში გაკეთება? მათ იციან, რომ სოხუმი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. რუსეთისთვის არის პატარა პროვინციული ქალაქები სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ ჩვენთვის არტერიაა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს სოხუმზე და ჩვენს ცხინვალზე, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი კოდორი და ახალგორი. რუსეთს არ ჭირდება საქართველოსთან ომი", - განაცხადა "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა.

მისივე თქმით, ქართული სოფლის მეურნეობისთვის ერთადერთი სწორი ბაზარი არის რუსული. "ნახეთ რას ითხოვენ გლეხები. ჩვენი სოფლები ძალიან მდიდარი იყო, რადგან გაჰქონდათ პროდუქცია ევროპაში. მითხარით, ვის უნდა ევროპაში ქართული ღვინო? ევროპაში ძალიან ძვირია ქართული ღვინო და შესაბამისად, არ გაიყიდება იმ რაოდენობით, რომელიც მეწარმეს აწყობს. ორი და სამი ევრო ღირს ფრანგული, ესპანური ღვინო და ამავე ხარისხის ქართული ღვინო 32 ევრო ღირს. ჩვენ გვინდა სხვა ბაზარი, სადაც გაიტანენ ცისტერნებით ღვინოს, მწვანილს ტომრებით. გორის რაიონი იმიტომ იყო დამდგარი ფეხზე, რომ დიდი რაოდენობით გადიოდა კომბოსტო, ვაშლი, მწვანილი. შემოსული ფულით კი ოჯახები შვილების განათლებას უზრუნველყოფდნენ", - აღნიშნა მოროშკინამ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."