გიორგი კვირიკაშვილი - კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ

გიორგი კვირიკაშვილი - კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კახი კალაძეს გააჩნია ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისათვის", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახი კალაძის წარდგენისას განაცხადა.

"კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ, რაც თავისთავად საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანამ წინასაარჩევნო პერიოდი ღირსეულად უნდა გაიაროს და განამტკიცოს დემოკრატიის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ნაჩვენები.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ წინ წარადგინა.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის, რომელშიც "ქართული ოცნება" მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია", - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ახალი განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. პრეზიდენტის განკარგულებაზე მთავრობის მეთაურს ხელმოსაწერად 10 დღის ვადა ჰქონდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."