"მექრთამე ხარ, ნაძირალა და არაკაცი" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის

"მექრთამე ხარ, ნაძირალა და არაკაცი" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის

თბილისის საკრებულოში, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მოსულიშვილის დღევანდელი ბრიფინგი გახდა, სადაც მან ალეკო ელისაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ელისაშვილმა მოსულიშვილს მექრთამე და უღირსი უწოდა. "საზოგადოების მტერი ხარ შენ. არაკაცი ხარ და არამზადა. შენ უნდა იჯდე ციხეში".

თავის მხრივ მოსულიშვილმა ელისაშვილს პროვოკატორი უწოდა. "მექრთამეც ხარ, უსინდისოც და ნაძირალა. შენ ხარ მტერი ქალაქის და საზოგადოების", - მიმართა მოსულიშვილმა ელისაშვილს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, რადგან ადგილზე მყოფებმა სიტუაცია განმუხტეს.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა. "რეპუტაციის შელახვისთვის შეუძლია მიჩივლოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. წავიდეს ლევან მურუსიძესთან, შეიტანოს სარჩელი", - განაცხადა ელისაშვილმა.

დაპირისპირებამდე გამართულ ბრიფინგზე მოსულიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს სასამართლოში უჩივის. როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, საქმე ეხება ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ. მოსულიშვილის თქმით, ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში დღეს ან ხვალ შეიტანს.

"ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, რითიც შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა" - განაცხადა მოსულიშვილმა ბრიფინგზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."