მანანა კობახიძის კომენტარი თინა ხიდაშელის სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

მანანა კობახიძის კომენტარი თინა ხიდაშელის სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის - მას მთავრობის თანხმობაც სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროცესში პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს ჩართვაც.

კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა მხოლოდ თავდაცვის უწყებას არ ეხება და ის კავშირშია სხვა სამინისტროებთან.

"შესაძლებელია, თავდაცვის უწყებას კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, თუმცა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეხება არა მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემას, არამედ აქ არის ჩართული სასჯელაღსრულების სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის პოლიცია. გამომდინარე აქედან, საჭიროა მთავრობის ჩართვა, სხვა შესაბამისი სამინისტროების ჩართვა და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს ჩართვა. გადაწყვეტილება უფრო ფართოდ უნდა იყოს მიღებული და არა ერთი მინისტრის დონეზე", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს.

"მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.

თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."