რას პასუხობს თინა ხიდაშელი მთავრობას და პრეზდენტს კრიტიკული განცხადებების შემდეგ

რას პასუხობს თინა ხიდაშელი მთავრობას და პრეზდენტს კრიტიკული განცხადებების შემდეგ

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომელიც მან გუშინ გამოაცხადა, მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა.

როგორც თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მიღებულია მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრეზიდენტიც აწერს, სადაც წერია, რომ 2017 წლიდან თავდაცვის სამინისტრო გაწვევას აღარ განახორციელებს.

"მე ამ საკითხზე ყველა ოფიციალურ ფორმატში ვსაუბრობდი, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო თავდაცვისა და უშიშროების საკომიტეტო მოსმენა. გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი უდევს საფუძვლად.

საქართველოს სატრატეგიული დოკუმენტები აქვს მიღებული და ამ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება სავალდებულო გაწვევა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისად მთავრობასთან არა თუ შეთანხმებულია, არამედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის დადასტურებული. არსებობს ანალოგიური შინაარსის ბრძანებულება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი აწერს.

ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარშავის სამიტის წინ ერთგულება გამოვიჩინოთ ჩვენი გადაწყვეტილებების წინაშე.

დღეს ბატონმა სესიაშვილმა სრულიად სამართლიანად თქვა, რომ სამი დღის წინ დასრულდა საგაზაფხულო გაწვევა, თავდაცვის სამინისტრომ გაიწვია კონტინგენტი და ახლა არასწორია ამის მიღებაო. ერთადერთი არასწორი ამ წინადადებაში არის ის, რომ სწორედ ახლა იყო მომენტი. მე რომ ერთი თვის წინ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, იქნებოდა უსინდისო, არასწორი, უსამართლო ნაბიჯი ჩემი მხრიდან. ერთადერთი, რაც მე დღეს გავაკეთე არის ის, რომ შევასრულე დაპირება, რომელიც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივეცით", - განაცხადა გუშინ თინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."