"ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას" - სესიაშვილი ხიდაშელზე

"ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას" - სესიაშვილი ხიდაშელზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ელემენტარულ კრიტიკას ძალიან ემოციურად მიუდგა. ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა თინა ხიდაშელის მიერ დღეს მისი მისამართით გაკეთებული განცადება.

"მეჩვენება, რომ ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე ასეთ ძალიან რთულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს, უმჯობესია, რომ ერთგვარი დიალოგი, დისკუსია გაიმართოს როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში. ყველა ხედავთ, რომ საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ექსპერტის, სამხედროების განცხადებები - აქ ერთიანი პოზიცია არ არსებობს, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს საკითხი საჭიროებს ფართო დისკუსიას და არა ცალმხრივ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, სესიაშვილმა არაეთიკური უწოდა თინათინ ხიდაშელის განცხადებას - 7 ლარად 18 წლის ბიჭის "ყარაულში" დგომასთან დაკავშირებით.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა არაეთიკურია მისი მხრიდან იმიტომ, რომ მე აქ ვსაუბრობ ღირსეულ სამსახურზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით", - აღნიშნა სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უმჯობესია პრობლემების მოცილების ნაცვლად, მინისტრი მათი მოგვარებით დაკავდეს.

"მან ამ შემთხვევაში დაინახა რა წვევამდელთა სისტემაში პრობლემა, გაწვევის სისტემა მის უწყებაში გააუქმა. არადა თუ პრობლემა იყო, მაგალითად, ხელფასი, მას მარტივად შეუძლია ახლაც ეს ბრძანება შეცვალოს და წვევამდელებს ხელფასი გაუზარდოს. იგივე წვევამდელები სასჯელაღსრულებსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურში 70 ლარს იღებენ. როგორც ჩანს, სწორი ანალიზი ვერ გაკეთდა და სამინისტრომ პრობლემის მოცილება გადაწყვიტა, მისი მოგვარების ნაცვლად", - განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა წვევამდელთა სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა რა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე ახლო კავშირი საზოგადოებასა და ჯარს შორის.

"მეორე - წვევამდელთა სისტემა ჩვენ გარანტირებულად გვაძლევს სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის ადამიანურ რესურსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურგავლილი ჯარისკაცი გაცილებით უფრო წაადგება ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში, ვიდრე სახლში მჯდომი რეზერვისტი. ამიტომ ჩვენთვის წვევამდელთა სამსახური - ამ ღირსეული ადამიანების სამსახური არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმისა, რომ თუ ქვეყანას რეზერვი დასჭირდა, ჩვენი ჯარისკაცები იქნებიან მინიმალურ დონეზე მომზადებულები. რატომ მინიმალურზე და არა მაქსიმალურზე, ამაზე უკვე შეგვიძლია კითხვები თავდაცვის სამინისტროს დავუსვათ, თუ რატომ არ ხდება ამ წვევამდელების ადეკვატური მომზადება ისევე, როგორც სხვა პროფესიონალი ჯარისკაცების, რაც ჩემი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კრიტიკის საფუძველი", - განაცხადა სესიაშვილმა.

თინა ხიდაშელმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს, რაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, მათ შორის, ირაკლი სესიაშვილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. სესიაშვილის საპასუხოდ, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ირაკლი სესიაშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვისაც მიაჩნია, რომ 18 წლის ბიჭის "ყარაულში" დგომა 7 ლარად სახელმწიფოს მხრიდან ღირსეული საქციელია.

"სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. სხვადასხვა მხარეს ვართ ამ ამბის გაგებაში. მას არ ესმის, როგორ შეიძლება, რომ 7 ლარად არ ამუშავო ახალგაზრდა კაცი "ყარაულში", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."