"ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" შედგება" - ხუხაშვილი კვლევის შედეგებს აფასებს

 "ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" შედგება" - ხუხაშვილი კვლევის შედეგებს აფასებს

მუდმივად ნუ გვტენიან, რომ სამყარო მხოლოდ "ქართული ოცნებისგან" და "ნაციონალური მოძრაობისგან" შედგება, ორივე მათგანი ჯამურად უმცირესობაშია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" GFK-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის და ზურაბ ბიგვავას მიერ გასაჯაროებული მონაცემების კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც ამ კვლევებს აერთიანებს, გახლავთ ის, რომ ეს ორი პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ჯამურად არიან უმცირესობაში.

"ორივე მათგანის რეიტინგი ჯამში 40-45%-ია, ანუ ჯამში მათ ქართველი ამომრჩეველი ორივეს ერთად ეუბნება უარს. სამყარო ამ ორი პარტიისგან არ შედგება მარტო. მუდმივად ნუ გვტენიან, რომ მხოლოდ ამ ორი პარტიისგან შედგება სამყარო. ფაქტია, რომ ყველა კვლევა, მათ შორის ორივე მათგანის, ადასტურებს, რომ ჯამში ორივეს, ქართველი ამომრჩეველი ეუბნება უარს, ისინი უმცირესობაში არიან. კვლევები ადასტურებს, რომ ორივე პარტიას აქვს ძალიან მაღალი ნეგატიური ელემენტი. არც ერთს და არც მეორეს, საამაყო არაფერი აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არ მალავს, რომ 100 მანდატის მოპოვებას მაჟორიტარების ხარჯზე აპირებს.

"არც მალავენ, რომ აპირებენ მაჟორიტარების ხარჯზე ამის გაკეთებას, მათ იმედი აქვთ, რომ 30 პროცენტს აიღებენ რაღაცას, სხვადასხვა ადმინისტრაციული და სხვა რესურსებით და მაჟორიტარების მაღალ მაჩვენებელს აჩვენებენ. აქ უკვე სახელმწიფოებრივი პრობლემა დგება. ჩვენ ვიცით ვინ არიან მაჟორიტარები, ისინი არ არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ან რაღაცნაირად პარტიული ადამიანები, ისინი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთია რომელ პარტიას მიეტმასტნებიან და ამის 25 წლიანი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა ექსპერტმა.

ხუხაშვილის განმარტებით, ბიგვავას ციფრებზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან მას კვლევა არ გამოუქვეყნებია.

"არც მეთოდოლოგია ვიცით, არაფერი არ ვიცით, შესაბამისად, აქ უკვე რწმენის საკითხია, პირადად ბიგვავას ვენდობით თუ არა. ბიგვავასთან პირადი კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ერთია პირადი ურთიერთობა და მეორე კვლევა და ციფრები. ძალიან მიკვირს ჩემი მეგობრების, რომლებიც, ერთი მხრივ, ექსპერტობაზე დებენ თავს და მეორე მხრივ, ამის მჯერა და იმის არ მჯერა - ამ კატეგორიებზე საუბრობენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მარტო პოლიტიკური ელიტის პრობლემა არ გვაქვს, ინტელექტუალური ელიტის ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, ექსპერტიზა დადის რწმენის საკითხზე. პოლიტიკა არ არის რელიგიის საგანი და არც საექსპერტო სამუშაო არ არის რელიგიის და რწმენის საგანი. ეს არის რაციონალური, არგუმენტაციის საგანი და მე ვურჩევდი ჩემს მეგობარ ექსპერტებს, რომ კარგად დაფიქრდნენ სანამ რამეს იტყვიან", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შიდა კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, პარტია "ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს.

ხოლო გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."