1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა!

1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა!

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედებულია. 2016 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

ასევე, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, გარდა ამისა თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა. ასევე, ძალაში შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.

"1-ელი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება" - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ - 1-ელი ივლისი, როდესაც ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის. ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც პირობითად ძალაში შევიდა 2014 წლის სექტემბრიდან და ახლა სრულად ამოქმედდა, უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები როგორც ეკონომიკური, ისე ინსტიტუციური განვითარების და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების კუთხით ევროკავშირთან. ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. იზრდება ეკონომიკური აქტივობა ევროკავშირთან, მათ შორის, გერმანიასთან, იზრდება ინვესტიციები და ექსპორტი და ეს ქმნის მყარ საფუძველს, რათა ჩვენი განვითარება ევროკავშირთან ერთად იყოს მდგრადი და სტაბილური", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დავით ბაქრაძის, სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში განმარტებით, აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის კომპეტენციაში არსებული საკითხები, სრულად ამოქმედების შემდგომ კი უკვე წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხებიც სრულად ამოქმედდება.

"საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, მისი განვითარებისთვის როგორც კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი - ეს არის ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ეს დოკუმენტი მივიღეთ და ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება სწორედ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში"

შეგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."