გიორგი კვირიკაშვილი - უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული

გიორგი კვირიკაშვილი - უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული

უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უშუალოდ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია.

"დღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შედის ასოცირების ხელშეკრულება, რისი წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში და ეს ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი ზოგჯერ მტკივნეული ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე. ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს. მეორე მხრივ კი, დაუბრკოლებელი კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვაძლევს სტიმულს, მივაღწიოთ ქვეყნის მოდერნიზაციას და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს მსოფლიოში.

"დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად დღევანდელი სერიოზული სირთულეებისა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას - ევროკავშირის ძალა და სიმტკიცე, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მე პატივს ვცემ ბრიტანელი ხალხის არჩევანს, თუმცა მინდა სინანულიც გამოვხატო. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."