თეა წულუკიანს ამომრჩეველთა სიების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ

თეა წულუკიანს ამომრჩეველთა სიების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ

ხელისუფლებამ, არჩევნებისთვის მზადების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მანიპულირებისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ძალიან აქტიური წინასაარჩევნო პროცესი დაიწყო და ხელისუფლებამ, ნაცვლად არჩევნებისთვის მზადებისა, ნაცვლად მოქალაქეებისთვის სამომავლო გეგმების და პროექტების შეთავაზებისა, მზადება დაიწყო საარჩევნო ხმებით მანიპულირებისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის, რისი საშუალებაც რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მიეცემა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 23 ივნისს ანუ არჩევნების თარიღის დასახელების შემდგომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოსცა ბრძანება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაამარტივა იმ ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის და ამ ადამიანების საარჩევნო სიაში ჩასმის საკითხი, რომლებსაც აქამდე პირადობის მოწმობა, ან პასპორტი არ მიუღია. ასეთი არის ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება საზღვრებს გარეთ არალეგალურად და მათი აღრიცხვა აქამდე სრულყოფილად არ განხორციელებულა", - განაცხადა აბესაზემ.

"აქამდე მოქმედი წესის შესაბამისად ადამიანს, რომელმაც 1991 წლამდე დატოვა საქართველოს ტერიტორია ან 1991 წლის შემდგომ, განცხადებით უნდა მიემართა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოსთვის, უნდა წაედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დაადასტურებდა საქართველოს მოქალაქეობის დადგენისთვის აუცილებელ ფაქტბრივ გარემოებებს და შემდგომ უნდა მისცემოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი", განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ასეულობით და ათასობით ახალი ამომრჩეველი არჩევნებამდე 11 დღით ადრე.

"ახლა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიენიჭათ მოქალაქის განცხადების გარეშე თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე და თავად გამგეობის რწმუნებულის მიერ მოტანილი ინფორმაციის საფუძველზე გასცენ პირადობის მოწმობები ადამიანებზე, რომლებიც, როგორც აღვნიშნე პროცესში საერთოდ არ მონაწილეობენ. მოქმედი საარჩევნო კოდექსით ასეთი ადამიანების სიაში ჩამატება შესაძლებელია არაუგვიანეს არჩევნებამდე 11დღისა ანუ შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ასეულობით და ათასობით ახალი ამომრჩეველი არჩევნებამდე 11 დღით ადრე. ისე რომ საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ ძალიან ცოტა დრო გადასამოწმებლად, რამდენად ობიექტურად განხორციელდა პროცესი, რომელში თავად დაინტერესებული პირი, ამომრჩეველი მონაწილეობას არ იღებდა და გამგეობამ გადაწყვიტა საკითხი მისი სიაში მოხვედრის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც ბევრი სამართლებრივი დარღვევა იკვეთება. ყველანაირ ხერხსა და გზას - სამართლებრივს, პოლიტიკურს ჩვენი პოლიტიკური გუნდი გამოიყენებს, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს მოქალაქეებით მანიპულირების საშუალება", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."