გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებზე

გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებზე

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეფასებებს სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ სომხეთი ქართულ და რუსულ მხარეებთან "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული. ალბათ ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ფორსმაჟორულ სიტუაციაში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ამ რეჟიმში გვინდოდა გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და სხვებისთვისაც. რუსეთის ფედერაციიდან იყო არაადექვატური პასუხი, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან, ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზით ტვირთის გატარებაზე. ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის გახსნა. ამიტომ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის ეს ტვირთი რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ, რომელიც 2012 წლამდე იქნა მიღებული. ის განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ არხის გამოყენებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება "ესჯიესთან" ხელშეკრულებას, ჩვენ ეს ხელშეკრულება გადავგზავნეთ რუსულ მხარესთან, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ეს არის მექანიზმი, რომელიც ნეიტრალური სტატუსით ტვირთების გატარებას ითვალისწინებს. ეს მექანიზმი სამწუხაროდ, ჯერ არ გაგვაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მივიღეთ ტვირთის გატარების მექანიზმი, დღესდღეობით ტვირთები სარკინიგზო ბორანით გადის, როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ისე პირიქით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის "სამხრეთ ოსეთის" გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას, - როგორც სომხური მედია იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, "სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შორის პოლიტიკური უთანხმოება არსებობს. ეს ჩვენს სამუშაოს ართულებს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ რუსულმა და ქართულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიონ", - განაცხადა გაგიკ ბეგლარიანმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური, რადგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში, საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება.

„დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს გზის გახსნის შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით. გზა კარგ მდგომარეობაშია", - განაცხადა სომეხმა მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."