გასაიდუმლოებული კომბინაცია ლარის წინააღმდეგ

გასაიდუმლოებული კომბინაცია ლარის წინააღმდეგ

დღეს ლარის მომავალი ყველაზე მეტად გაურკვეველი და ბუნდოვანია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობა ცდილობს ხალხი 2,4-ის ნიშნულს შეაგუოს. ხალხი კი გაღიზიანებულია, ბიზნესი - დამფრთხალი, ხოლო ფინანსისტები - დაბნეულნი. არანაირი მინიშნება, თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო ან თუნდაც შორულ მომავალში, არ კეთდება.

საქართველოს მეზობელი და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მყარდება, ქართული ლარი კი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა. ეკონომისტების ნაწილის პროგნოზი, რომ მოულოდნელად გაუფასურებული ლარი ისევ გამყარების გზას დაადგებოდა, არ გამართლდა.

წინა სამშაბათს ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,3093 ლარი იყო, დღეს 2,3393 ლარია. ეროვნული ვალუტა მკვეთრი გაუფასურებისკენ 14 ივნისიდან შემობრუნდა მაშინ, როდესაც რეგიონში ყველა ქვეყნის ვალუტა, აზერბაიჯანული მანათის გარდა, მყარდებოდა. პირველი ივნისის შემდეგ რუსული რუბლი დოლარის მიმართ 66 ნიშნულიდან 64,20 ნიშნულამდეა გამყარებული. საკმაოდ კარგი პოზიცია უკავია თურქულ ლირას, რომელიც ბოლო თვეებში გაუფასურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ვალუტა იყო. თვენახევრის განმავლობაში ლირა დოლარის მიმართ 2,95 ნიშნულიდან 2,90 ნიშნულამდე გამყარდა. ასევე მყარდება უკრაინული გრივნაც კი - 25,14-დან 24,15-მდე.

ბოლო პერიოდში რეგიონში ყველაზე სტაბილური სომხური დრამია, რომელიც ისევ გამყარების ტენდენციით ხასიათდება. 1-ლი ივნისის შემდეგ მან დოლარის მიმართ 477,88 ნიშნულიდან 476,74 ნიშნულამდე გაიუმჯობესა პოზიციები. თვენახევრიან პერიოდში აზერბაიჯანული მანათი დოლარის მიმართ 6 პუნქტით გაუფასურდა, ქართული ლარი კი - 21 პუნქტით.

ქვეყანაში სრული უპასუხისმგებლობაა. მთავრობა და ეროვნული ბანკი ხმას არ იღებენ, სპეციალისტები დაბნეულნი არიან, მომავალი ყველასთვის შემაშფოთებელია.

"გაურკვეველი პროცესებია. არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩემი კოლეგა ვერ ხსნის ამას. თუ დააკვირდებით, ოფიციალური განცხადებებიც აღარ კეთდება, არადა, ეროვნული ვალუტა 21 პუნქტით გაუფასურდა. სიმართლე გითხრათ, რატომ უფასურდება ქართული ვალუტა, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი და დასძენს, რომ ყველანაირი ეკონომიკური თეორიის მიხედვით კურსი ახლა არ უნდა უფასურდებოდეს, ვექტორი უფრო გამყარებისკენ უნდა იყოს მიმართული.

კორინთელი აღნიშნავს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ წინა პერიოდებთან შედარებით, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია.

"რეალურად რაც ახდენს ზეგავლენას ვალუტის კურსის ფორმირებაზე - ექსპორტ-იმპორტის სალდო, ჩარიცხვები, ტურიზმი და ა. შ. ყველაფერი გამოსწორებულია. მეტიც, გაუმჯობესებულია თითქმის ყველა მაჩვენებელი, მაგრამ ლარი

მაინც უფასურდება. ამაზე პასუხი არ არსებობს. ყველაზე მეტი ინფორმცაია აქვს ეროვნულ ბანკს და განცხადება სწორედ ამ უწყებიდან უნდა გაკეთდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება", - აღნიშნავს გივი კორინთელი.

"ბიზნეს-რეზონანსი": ეროვნული ბანკი ამბობს, რომ იგი მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი და ამ კუთხით ქვეყანაში კარგი ვითარებაა. ვალუტის კურსი კი მისი საზრუნავი არ არის...

წაიკითხეთ სრულად

"გუშინწინ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ - კეზერაშვილის" - ირაკლი კობახიძე გვარამიასა და კეზერაშვილის "სიზმრებს ხსნის"

"სააკაშვილმა გახარიას კი არა, მელიას გაუჩალიჩა... უკუდურესად ეჭვიანი კაცია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი