"ოცნების" ქალები - პარტიის ახალი სახეების პროფესიული წარსული და განათლება

"ოცნების" ქალები - პარტიის ახალი სახეების პროფესიული წარსული და განათლება

13 ივნისს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი სახეები წარადგინეს. 15 ახალი სახე, რომელიც პარტიის რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართულ ყრილობაზე გააცნო.

"ქართულმა ოცნებამ" განახლებულ შემადგენლობაში გენდერული ბალანსი დაიცვა: 7 მამაკაცი და 8 ქალი - ასე შეირჩა პარტიის ახალი სახეები. AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ არიან ქალები, რომლებიც შესაძლოა მომავალ პარლამენტში ვიხილოთ, რა განათლება აქვთ მათ და აქვთ თუ არა პოლიტიკური წარსული. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა სამართალმცოდნეა.

თამარ ხულორდავა

37 წლის თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. მან 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, 2004 წელს კი დოქტორის ხარისხს დაეუფლა. სწავლობდა ბერლინში ჰერტის მმართველობის სკოლაში. ასევე, შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტში, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

2003-2004 წლებში სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი გახლდათ, 2004-2005 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციაში, კანონის უზენაესობის და სისხლის სამართლის პროგრამის იურისტი იყო; 2006-2010 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციაში ადვოკატთა სერტიფიცირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებსა და პროფესიული ეთიკის საკითხებში; 2007-2008 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასამართლო ადვოკატირების კურსის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2005-დან 2015 წლამდე იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერი. თამარ ხულორდავა 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

თამარ ჩუგოშვილი

32 წლის ჩუგოშვილი საზოგადოებამ არასამთავრობო სექტორიდან გაიცნო. 2010 წლის ნოემბერში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი გახდა, სადაც 2004 წლიდან მუშაობდა იურისტის, ასევე სხვადასხვა პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2005-2006 წლებში გაიარა კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთწლიანი დისტანციური სწავლების კურსი ადამიანური რესურსების მართვაში.

2010 წლის მარტიდან მაისამდე ამერიკული საბჭოების Legislative Fellows Program-ის ფარგლებში სტაჟირება გაიარა აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკაში. თამარ ჩუგოშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 11 პუბლიკაციის ავტორი. ქართული ოცნების ახალი სახე ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ტელემაყურებლისთვის კარგად ცნობილი სახეა ირინე ფრუიძე. იგი ინტელექტკლუბ - "რა? სად? როდის?" წევრი და ერთ-ერთი გუნდის კაპიტანია, ასევე "ბროლის ბუს" რამდენიმეგზის მფლობელი. იგი მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ევრაზიის რეგიონის თავმჯდომარე გახლდათ. ფრუიძის მეუღლე, მსახიობი დათო ველიჯანაშვილია, წყვილი 15 წელია ერთადაა. ჰყავთ ორი შვილი.

სოფო ჯაფარიძე

2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ. იქამდე სოფო ჯაფარიძე ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერად მუშაობდა, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილედ. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და გაერთიანებული სამეფოს ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი გახლავთ.

სოფიო კილაძე

პოლიციის აკადემიის პრორექტორი იყო. მეორე კლასიდან იურისტობა სურდა, თუმცა მაინცდამაინც პოლიციაში მუშაობაზე არ უფიქრია. დიდი ხანი გერმანიაში ცხოვრობდა, "ჰაიდელბერგის" უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა "მაქსპლანკის" ინსტიტუტში, სასამართლოში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, თუმცა 2011 წელს შვებულებით საქართველოში დაბრუნდა და დარჩა. კილაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, "სულ მინდოდა ჩემი განათლება ჩემი ხალხისთვის გამომეყენებინა და წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში". 31 წლის კილაძე თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. "ქართული ოცნების" ახალი სახე დაოჯახებულია.

მარიამ ჯაში 2014-2015 წლებში საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხის მფლობელი გახდა. 2005 წელს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის საკითხებს სწავლობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. (University College London, დიდი ბრიტანეთი), 2010-2011 წლებში სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრის ხარისხს ეუფლებოდა. მინიჭებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ნუტრიციოლოგიის ალიანსის ჯილდოები.

ნინო გოგუაძე

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ექვსი წლის მანძილზე იყო ცესკოს წევრი, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარე.

სოფიო ქაცარავა

ის იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მანამდე კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში მუშაობდა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე