როგორ და ვისთან ერთად ატარებენ დასვენების დღეებს ქართველი პოლიტიკოსები

როგორ და ვისთან ერთად ატარებენ დასვენების დღეებს ქართველი პოლიტიკოსები

ზაფხულია, ცხელა და დასვენების სეზონიც ძალას იკრებს, - ბევრი ადამიანი უკვე სარგებლობს კიდეც კუთვნილი შვებულებით, ზოგიც, ამ დღეების მოლოდინშია. ის, ვინც ჯერ ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, შაბათ-კვირას, როგორც შეუძლია, ისე ატარებს.

დავინტერესდით, როგორ ატარებენ პოლიტიკოსები დასვენების დღეებს და ამის გასარკვევად, რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით. ზოგიერთმა დასმულ კითხვაზე მაშინვე გვიპასუხა, რამდენიმემ ტელეფონს საერთოდ არ უპასუხა, ზოგმა კი იმის შემდეგ, რაც გაიგო, რა გვაინტერესებდა, საუბრის გაგრძელებაზე უარი გვითხრა, მიზეზი სხვადასხვანაირი აღმოჩნდა...

სერგო რატიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი:

- არანაირი კვირა და შაბათი არ მაქვს, ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ. კვირა დღესაც გლდანსა და მუხიანში მხარდამჭერებს შევხვდი.

- ე.ი. ამ ზაფხულს არ აპირებთ, შაბათ-კვირას მაინც მოდუნდეთ?

- ჯერჯერობით არა, ვერ ვდუნდები.

- საერთოდ, როგორ გიყვართ შაბათ-კვირის გატარება?

- ბოლო წლებია, შაბათ-კვირას დასვენებისთვის დიდად ვერ ვიცლი. საერთოდ, მიყვარს მთაში სიარული და ზღვაზე ცურვა...

თამაზ მეჭიაური, "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე, დეპუტატი:

- რამდენიმე დღის წინ ლაშარობაზე ვიყავი, სტუმრები მყავდა. ამ დღეობას ყოველწლიურად აღვნიშნავ და ლაშარის გორზე, თიანეთში ვმართავ ხოლმე. იმის გამო, რომ სტუმრები მყავდნენ, ვერ დავჯექი (ლაშარობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 12 ივლისს, პეტრე-პავლობას იწყება და სადღაც, 20 რიცხვამდე გრძელდება), მეორე დღეს, მოვახერხე დაჯდომა და ერთი-ორ მეგობართან ერთად, დედაჩემის ეზოში, კაკლის ძირში ვისხედით, სადაც ბუზებიც არ გვაწუხებდნენ.

- ბუზები?

- კი, ბუზები, კაკლის ძირში ნაკლებად შემოდიან, მერიდებიან... მოკლედ, იქ არც პირდაპირი მნიშვნელობით ბუზები გვაწუხებენ და არც - პოლიტიკური.

- ზოგადად, როგორ გიყვართ შაბათ-კვირის გატარება?

- ფაქტობრივად, სულ ვმუშაობ, მაგრამ ახლა თავს მივეცი უფლება, ცოტა დავისვენო, რადგანაც ჩემი კალენდარი ლაშარობიდნ ლაშარობამდეა აწყობილი. ვინაიდან უკვე ციკლი შეიკრა და ლაშარის გორიდან დამუხტული წამოვედი (ჩემი გვარის და ამ მხარის მთავარი სალოცავია), ამიტომ, ცოტათი განვიტვირთე კიდეც...

- ცხენზე ჯირითი, აუზში ცურვა, თევზაობა, ნადირობა არ გიტაცებთ?

- დასვენების გამოკვეთილი სახეებით არ გამოვირჩევი. ნადირობა არ მიყვარს, თევზაობით კიდევ სკოლის მერე არ მითევზავია და არც აუზზე დავდივარ.

გიორგი ვაშაძე, პოლიტიკური მოძრაობა "ახალი საქართველოს" თავჯდომარე, დეპუტატი:

- გასულ შაბათს ბათუმში მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები და ოფისიც გავხსენით, კვირა დილით ჩემი სამი შვილი გავუშვი ბახმაროში დასასვენებლად. მე თვითონ სამუშაო პროცესს ვაგრძელებ. წლებია, მიჩვეული ვარ იმას, რომ შაბათ-კვირას ვმუშაობ.

- ქალაქიდან ერთი დღით მაინც არ გადიხართ არსად დასასვენებლად?

- არა, მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდია... ისე, აქტიური დასვენება მიყვარს, ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია, საუბარი, მსჯელობა განვითარებაზე.

- აუზზე ცურვა არ გიყვართ?

- აუზი, წყალი, ზღვა ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ბოლო პერიოდში ისეთი დაკავებული ვიყავი, ვერ შევძელი აუზზე მისვლა, თუმცა იქ სისტემურად დავდივარ. თან, ცურვა შემიძლია ხანგრძლივად, 3-4 კილომეტრს ვცურავ.

ზურა აბაშიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი:

- წელს დასვენებასთან დაკავშირებით ცოტა მძიმედ ვარ, რადგან ვერსად გავდივართ. ვარ თბილისში, ახლაც ვბრუნდები საქმიანი შეხვედრებიდან. საარჩევნო პერიოდი რომ არის, არ გვინდა, რომ ერთი დღეც ჩაგვივარდეს. მოკლედ, ახლა არჩევნები რომ არ იყოს, ვეცდებოდი, შესაძლობლობის ფარგლებში, სადმე ოჯახთან ერად ვყოფილიყავი. შარშან მაგალითად, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ანაკლიაში ვიყავით, კარგი დრო გავატარეთ... სექტემბერში მეხუთე შვილს ველოდებით.

- შაბათ-კვირას საქართველოს მასშტაბით არსად გადიხართ?

- მიყვარს დასვენება კახეთში, - ლოპოტას ტბაზე, ყვარელშიც, რადგანაც იქაურობა ძალიან მომწონს, კარგი ადგილებია, სადაც ხან ოჯახთან და ხან მარტო, მეუღლესთან ერთად მივდივარ ხოლმე.

- სპორტული გასართობები არ გიზიდავთ?

- აუზზე ვცურავ სისტემატურად, მაგრამ არც მონადირე ვარ და არც - მეთევზე. ამ მიმართულებით არ გამოვირჩევი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."