გია ხუხაშვილი - ცოტა ნაფტალინის სუნი დატრიალდა

გია ხუხაშვილი - ცოტა ნაფტალინის სუნი დატრიალდა

ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ქართულ სინამდვილეში არაფრისმეტყველი ფიგურა იყო, შესაბამისად, მის მიმართ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რადიკალური შეფასებები საფუძველს მოკლებულია.

როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ახალი სახეებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა,

ნარჩემაშვილთან დაკავშირებით სახეზეა ორი რადიკალურად საპირისპირო პოზიცია. ერთი მხრიდან ხდება მისი იდეალიზება და მეორე მხრივ, მისი დემონიზება.

"პრემიერის მხრიდან გაისმა, რომ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ქვეყანა განსაცდელს ააცილოს. ამ პათეტიკის უკან, სამწუხაროდ, დიდი შინაარსი არ დევს, რადგან ნარჩემაშვილი „ვარდების რევოლუციის" დროს იყო უბრალოდ სტატუსი პოლიტიკური პროცესის, მასზე არაფერი იყო დამოკიდებული. არ ჰქონდა არანაირი წონა. ერთადერთი მისი დამსახურებაა, რომ პირადი სისულელე არ გააკეთა. შეფასება, რომ ნარჩემაშვილმა ქვეყანას რაღაც ააცილა, რბილად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილმა ან არ იცის, ან შეგნებულად ცდილობს ზედმეტად შეაქოს და შეამკოს კობა ნარჩემაშვილი. მეორე მხრივ, დემონიზაციაც არ არის სწორი, რადგან ის არ იყო სისტემის შემოქმედი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნარჩემაშვილის პერიოდში პოლიცია საკმაოდ გარყვნილი, კორუმპირებული სისტემა იყო. შესაძლოა თავად ნარჩემაშვილი კორუფციაში ჩაფლული არ ყოფილა, მაგრამ როგორც მინისტრი ის ქმნიდა ფასადს და შიგნით სისტემაში ათასი უბედურება ტრიალებდა. ესეც არ მეტყველებს მის სასარგებლოდ. ის არც სხვაზე ცუდი იყო, არც სხვაზე კარგი იმ პერიოდში. საკმაოდ არაფრისმეტყველი ფიგურა იყო ქართულ სინამდვილეში.

შესაბამისად რადიკალური შეფასებები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მის მიმართ საფუძველს მოკლებულია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. რომ "ქართული ოცნების" ტრადიციული სახეები თამაშიდან გაყავთ და ახალი სახეების შემოყვანას ცდილობენ.

"ყველაზე ვერ ვიტყვი, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ იქ დავინახე პრეცედენტები, რომ ცოტა ნაფტალინის სუნი დატრიალდა, ცოტა მერკანტილური ინტერესის სუნი დატრიალდა. მე ამ შემადგენლობაში პროგრესისტული, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება ვერ დავინახე. ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც საკმაოდ პარადოქსულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოიქცა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადა, რომ, ახალგაზრდობაზე, პროგრესზე და უცხოეთში განათლებაზე არიან ორიენტირებული და წარმოგივიდგინა მაჟორიტარები, რომლებიც აბსოლუტურად ამის საპირისპირო გზავნილს უშვებენ საზოგადოებაში. სიასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პარამეტრები თავდაყირა დააყენეს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის მოსაზრებით, საგურამოში ხელისუფლება ეცადა მომავალზე ორიენტირებული სახეები წარედგინა. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მათ მიმართ არაფერი საწინაღმდეგო არ აქვს, წარმატებებს უსურვებს, თუმცა ექსპერტის მოსაზრებით, უცხოეთში მიღებულ განათლებაზე ზედმეტი აქცენტირება პროვინციალიზმის გამოვლინებაა. მისივე თქმით, ეს არ შეიძლება ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი იყოს. ხუხაშვილს ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული ადამიანებიდან სრულფასოვანი განათლება უცხოეთში 1-2-ს აქვს მიღებული. მისივე თქმით, ამ პირებს არ აქვთ ცნობადობა და საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის გამოცდილება.

"ღრმა ზურგიდან ფრონტის ხაზზე ხალხის გაგზავნა, ჩემი აზრით, მაღალი რისკის შემცველია, თავად ამ ადამიანების მომავლისთვის. რისკი, რომ ისინი დაამთავრებენ ისევე, როგორც კოღუაშვილი, რომელიც შემოვიდა, გაიელვა და გაქრა, სამწუხაროდ, მაღალია. მათ დებატებში ძალიან გაუჭირდებათ. როგორც ჩანს, ერთადერთი გამოუშვეს მდინარაძე. ერთ-ერთ დებატს ვუყურე მისი შესრულებით არც თუ ისე ძლიერ ოპონენტთან და ჩემი აზრით, მისი გამოსვლა სრული კატასტროფა იყო. როგორც ჩანს, ის ითვლება ამ ადამიანებში ყველაზე ძლიერად", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ახალი სახეების ცნობადობაზე აქამდე უნდა ემუშავათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."