რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრაზე

რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლას და თვალთვალს შეეხება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით პაპუაშვილს გამოკითხვაზე მისვლას მთავარი პროკურატურაც სთხოვს.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განცხადებები გააკეთეს. მარგველაშვილის თქმით, პაპუაშვილმა მას კონკრეტული ფაქტები დაუსახელა:

"საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე გაკეთებული გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო. როცა ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ამაზე პოლიტიკოსების შეშფოთება უნდა იყოს და ამ საქმეში დეტალური გარკვევა. მეორე, დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დაცულობაზე.

როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებას, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რომ ეს შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს კრიმინალი. ბუნებრივია, რომ ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, დავიცვათ მოსამართლეები. ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ განცხადებების მთელი კასკადი , რომ ეს ტყუილია. რაღაც უცნაური ტენდენცია იყო, რომ ტყუილია და საიდან იცით, რომ ტყუილია?!", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, "საშიშ ტენდენციებზე" ადეკვატური პასუხის გასაცემად პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთავაზობს. მარგველაშვილის განმარტებით, საშიშ ტენდენციებში გულისხმობს ვითარებას, როცა "პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის".

"კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. მე იმაზეც ვისაუბრე, რომ კორცხელის შემთხვევა გარკვეულ ტენდენციებს ბიძგს მისცემს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ამიტომ ჩვენ ნათელი პასუხი უნდა გავცეთ, როცა ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ აგრეთვე ჩნდება ტენდენციები რაღაც კავშირების ჩამოყალიბების, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ, არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი და მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები, იმისთვის, რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილს, მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო მოსამართლეების მიმართ ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს და ასევე იმას, რომ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველი უწყებების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

"უფრო დეტალურად გვქონდა საუბარი იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რა ფორმითაც ხორციელდებოდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტები. ვისაუბრეთ ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო ჩვენი წერილობითი მიმართვები როგორც მთავარი პროკურატურისგან, ასევე შს სამინისტროსგან. მათ პასუხი საერთოდ არ გაგვცეს. ჩვენ პირდაპირ ეთერშიც გავეცით რამდენიმე ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ასე რომ, იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება, არ არსებობს. სწორედ ეს გვინდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიზიაროს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მოხდეს ადეკვატური რეაგირება და მოსამართლეს ჰქონდეს საშუალება მშვიდ ვითარებაში განახორციელოს თავისი საქმიანობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს, რასთან დაკავშირებით დაპირება თავად გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."