არჩილ გეგეშიძის პირველი განმარტება სკანდალად ქცეულ მის განცხადებაზე

არჩილ გეგეშიძის პირველი განმარტება სკანდალად ქცეულ მის განცხადებაზე

აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის შეფასებით, მისი განცხადებებისადმი ისტერიკამდე მისული რეზონანსი არაადეკვატური იყო.

"როგორც იცით, ვრჩები თანამდებობაზე. ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ზოგადად მედიაში, საზოგადოებაში ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ჩემთვის იყო უცნაური და მიუღებელი. ამის თაობაზე ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში. ყველა არგუმენტი წარვუდგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს მიზანშეწონილად, რომ ეს საკითხი ამოწურულია და მეც, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას", - განაცხადა გეგეშიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს ინტერპრეტაციებში, გეგეშიძის თქმით, "ზოგადად, საკითხის მიმართ გაზვიადებული ინტერესი და ისტერიკამდე მისული რეზონანსი იყო გადაჭარბებული და არაადეკვატური".

"ზოგადად აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი". "ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი",- დასძინა გეგეშიძემ.

ამასთან, დიპლომატმა ამჯერად უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან.

როგორც ცნობილია, არჩილ გეგეშიძემ, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მმართველ უმრავლესობაში პრორუსულად განწყობილი ადამიანები არიან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას ვერ ახდენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."