პრემიერი - მინდა შევახსენო პაპუაშვილს, რომ პროკურატურა არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი

პრემიერი - მინდა შევახსენო პაპუაშვილს, რომ პროკურატურა არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი

მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით და ასევე პროკურატურის განცხადებას, რომელმაც ყველა მოსამართლე და მათ შორის გიორგი პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.

კვირიკაშვილის აზრით, უცნაურია, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მიდის.

"მე გამოვხატავ ნებას და აუცილებლად შევხვდები მას. დავამთავრეთ წინასაარჩევნო წარდგინებები დასავლეთში. მომავალი ჯგუფის წარდგენამდე, შუალედ პერიოდში შევხვდები პაპუაშვილს, თუმცა მინდა შევახსენო მას, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული სტრუქტურა, ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლებში, როცა მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა ის ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. მინდა ეს მინდა შევახსენო, რადგან ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება, რომელსაც ქმნიან მიზანმიმართულად, რომ ამ პროცესებს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას, თუმცა, მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს, ეს იყო წარსულში, დღეს - არა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ის შეხვდება გიორგი პაპუაშვილს და მის პრეტენზიებს მოისმენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."