"საბჭოთა საქართველო" 21-ე საუკუნის ბათუმში

"საბჭოთა საქართველო" 21-ე საუკუნის ბათუმში

კომუნისტური ლოზუნგი - Родина-мать зовёт! (დედა სამშობლო გვიხმობს), წითელი ყელსახვევები, სტალინის პორტრეტები, სსრკ-ს დროშა და საბჭოთა კავშირის სხვა სიმბოლოები... ეს ყველაფერი წარსულში არ დარჩენილა - ამ ყველაფერს ბათუმში, 27 ივლისს გამართულ ყრილობაზე მოუყარეს თავი.

ბათუმის ბონის კულტურის სახლში სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნიც შესრულდა, რასაც დარბაზში მყოფები ფეხზე ადგომითა და ტაშით შეხვდნენ.

ყრილობაზე არაერთხელ გაისმა ნატო-ს, ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო მოწოდებები. შეძახილს - "გაუმარჯოს პუტინს" ყრილობაზე შეკრებილი საზოგადოებისგან ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმას დეპუტატი ვლადიმირ სიმაგინი. სტუმრებს შორის იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე როსტომ შერვაშიძე, რომელიც მოძრაობის იდეოლოგიას იზიარებს.

იხილეთ ვიდეო ყრილობიდან

როგორც "სოციალისტური საქართველოს" დამფუძნებელმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, მოძრაობის მიზანია რუსეთ-საქართველოს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება და სოციალისტური საზოგადოებისა და სისტემის შექმნა:

"საქართველომ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა და ჩვენ ეს ასე გვესახება - რუსეთთან უნდა ჩამოვაყალიბოთ სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა, სოციალისტური სისტემისა და საზოგადოების მშენებლობა. ყველაფერი, რაც ამ 25 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა დაკარგა, სოციალისტური მონაპოვარი, სოციალისტური სიკეთე, დაცულობის სოციალური პაკეტის არნახული დონე, უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა და ეს არის ჩვენი მიზანი", - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

ორგანიზაცია ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ობელისკის დაბრუნებასა და სტალინის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას ითხოვს.

AMBEBI.GE-სთვის ნინო ხოზრევანიძე ბათუმიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."