გენდერული დისბალანსი ქართულ პოლიტიკაში - რატომ არ არიან ქალები გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე

გენდერული დისბალანსი ქართულ პოლიტიკაში - რატომ არ არიან ქალები გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე

ქვეყანა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა საზოგადოებას უკვე წარუდგინა ახალი თუ ძველი კანდიდატებით შედგენილი სია. ცოტა ხანში, ყველა პარტიის პრეზენტაცია დასრულდება. საინტერესოა, როგორ დაკომპლექტდება მომავალი პარლამენტი და რამდენად იქნება დაცული საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული ბალანსი. მიმდინარე წელს კი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. უფრო დეტალურად ქართული პოლიტიკის გენდერულ დისბალანსზე AMBEBI.GE-ს არასამთავრობო ორგანიზაცია - "ქალთა მოძრაობის" წევრი ბაია პატარაია ესაუბრა.

- რა არის მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი?

- დავაკვირდეთ სისტემას, თუ როგორ ხდება ქალების ან კაცების დანიშვნა, ან თუნდაც, პარტიულ სიებში მათი განთავსება. ვნახავთ, რომ ეს პროცესი ნამდვილად არ არის დემოკრატიული და გამჭირვალე. გადაწყვეტილებას, ვინ იქნება კანდიდატი, ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანი იღებს. აქ არ არსებობს საშუალება იმისა, რომ იყოს ჯანსაღი კონკურენცია. სრულიად გაუგებარია, რა პრინციპით ხდება ხოლმე კანდიდატურების წარდგენა. ვინაიდან არ არსებობს შიდაპარტიული დაწინაურების პოლიტიკა, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად და ძირითადად, კაცების სასარგებლოდ იღებენ.

- დგას თუ არა არჩევანის გაკეთებისას მენტალიტეტის პრობლემა?

- საერთოდ, საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა ტიპის გამოკითხვები და საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სვამს ხოლმე შეკითხვას: - გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობას კაცი უკეთ გაართმევს თავს თუ ქალი. ნამდვილად არის ქვეყანაში დამკვიდრებული ასეთი სტერეოტიპი, რომ კაცებს ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნისათვის უფრო მეტი უნარები და შესაძლებლობები გააჩნიათ. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც წყვეტენ, თუ ვინ უნდა დაწინაურდეს, თვითონაც არიან სტერეოტიპების გავლენის ქვეშ და შესაბამისად, კაცების სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებას. მენტალიტეტის და სტერეოტიპების პრობლემა ნამდვილად დგას.

- რატომ გვყავს სასამართლო სისტემაში უფრო მეტი ქალი და რატომ არის მათი რიცხვი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ასეთი დაბალი?

- ნამდვილად, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, სასამართლო სისტემაში ქალები და კაცები თანაბრად არიან წარმოდგენილი. ეს ფაქტი დაკავშირებულია სასამართლოს რეფორმასთან. იმ წესთან, რომლის მიხედვითაც ინიშნებიან მოსამართლეები. კანდიდატებმა უნდა გაიარონ გამოცდები, გასაუბრება, სკოლა, მრავალსაფეხურიანი კონკურსი, სადაც მოწმდება კონკურსანტების შესაძლებლობები და უნარები. როდესაც კონკურსი მეტნაკლებად ყველასთვის თანაბარ პირობებიანია, ქალებს შეუძლიათ საკუთარი თავის დადებითად წარმოჩენა და მამაკაცებისთვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევა. ხოლო, რაც შეეხება პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, იქ კონკურსის წესით არ ხდება დანიშვნა, არანაირი ეტაპები არ არსებობს, რომლებსაც ადამიანები ამა თუ იმ პოზიციაზე მოსახვედრად გაივლიან. იქ მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებას და როგორც წესი, უპირატესობა მამაკაც კანდიდატებს მიენიჭებათ ხოლმე.

- რა სიტუაციაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

- პარლამენტში ქალების წარმომადგენლობით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უკანასკნელი ქვეყანაა და არამარტო ევროპას, არამედ აზიის ქვეყნებსაც ჩამორჩება. ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა. ევროპაში საუკეთესო მონაცემები სკანდინავიის ქვეყნებში გვხვდება. იქ ხელისუფლების 40% ქალებითაა დაკომპლექტებული. ამ ქვეყნებში 70 წლის წინ დაიწყეს გენდერული თანასწორობისთვის რეფორმების განხორციელება. დღეს იქ სქესი არ წარმოადგენს ბარიერს და ამას სისტემაც განსაზღვრავს. შესაბამისად, მოწინავე ქვეყნებში გენდერის პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პატრიარქატი ბუნებრივია, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და სხვაგანაც შეინიშნება. ქვეყნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თანასწოროების ერთ-ერთი მაჩვენებელი ქვეყანაში ქალების მდგომარეობაა და ამ მხრივ, ევროპა მოწინავე პოზიციებზეა.

- როგორია ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში?

- ჩვენთან პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12%-ია. როცა მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს. ჩვენ რეალურად ორჯერ ჩამოვრჩებით ამ მაჩვენებელს. აფრიკის ბევრი სახელმწიფოც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხედვა, როგორ მოშალოს ის უხილავი ბარიერები, რომლებიც დგას ქალების წინაშე. ასეთი მრავალი ხერხი არსებობს. დროში ყველაზე ეფექტური არის კვოტების სისტემის შემოღება. როდესაც კანონი ავალდებულებს პარტიას, რომ საარჩევნო სიების შედგენისას გარკვეული პროცენტობით წარმოადგინონ ქალები. თუ ქალი კანდიდატები პარტიამ არ დაასახელა, მოსახლეობა ვერასოდეს ვერ აირჩევს მათ.

- როგორია პარტიების მიერ უკვე წარმოდგენილ სიებში არსებული გენდერული ბალანსი და თქვენი მოლოდინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ქალთა შემადგენლობის?

- "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 25% გათვალისწინებული, რაც არ არის საკმარისი და სტანდარტზე დაბალია. "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ 30% ეს არის ჩვენ მიერ რეკომენდირებული ციფრი. ასევე ვიცით, რომ გენდერის პრობლემა არ იქნება "რესპუბლიკური პარტიის" შემადგენლობაში. თუმცა, როდესაც 2016 წლის არჩევნები დასრულდება და ვნახავთ შედეგს, მე არ მგონია, რომ ქალების წარმომადგენლობის მაჩვენებელი 15%-ს დიდად ასცდეს, რაც სამარცხვინოდ დაბალი რიცხვი იქნება.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."