გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა

გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს თავდაცვის ახალი მინისტრი, ლევან იზორია წარუდგინა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ლევან იზორია არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომელიც, სამთავრობო და სამინისტროს გუნდთან ერთად, განაგრძობს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს და მოახდენს ყველას პროფესიონალიზმის კონსოლიდაციას, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ეს იყო და დარჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენი მომავალი სამხედრო რეფორმირების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაქსიმალურს გააკეთებს, რათა თავდაცვის უწყება პოლიტიზებული არ იყოს.

რაც შეეხება თავდაცვის ახალ მინიტრს, ლევან იზორიამ მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გაგრძელდება.

"პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, როდესაც საფრთხეების და რისკების შეკავებაზე ვსაუბრობ, როგორც პრიორიტეტზე და ამას ვხედავ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე მიმართული და ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების - ნატოს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ", - განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."